უქმეების შემდეგ, ვაშინგტონში დაბრუნებული ამერიკელი კანონმდებლები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან საბიუჯეტო შეთანხმების მიღწევას. ისინი დავობენ კანონმდებლობაზე, რომელიც მთელი ფისკალური წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ამერიკის მთავრობის მუშაობას დროებით დააფინანსებს. ფედერალური მთავრობის ბიუჯეტის ამოწურვამდე 15 დღე რჩება.
თუ 30 სექტემბრის შუაღამემდე, როცა მიმდინარე ფისკალური წელი სრულდება, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად არ გაეგზავნა აღნიშნული კანონპროექტი, ბევრი ფედერალური სააგენტოს პროგრამა ფუნქციონირებას შეწყვეტს. შედეგად, სახსრების ნაკლებობის გამო, ათასობით ფედერალურ თანამშრომელს მუშაობის შეჩერება მოუწევს.
დემოკრატებით დომინირებული სენატი, კონგრესში დღეს, 16 სექტემბერს ბრუნდება. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატა კი მუშაობას სამშაბათს, 17 სექტემბერს განაახლებს.
ასევე ნახეთ: ამერიკის კონგრესში საავიაციო უსაფრთხოებაზე ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიესგასულ კვირას, პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონს, მთავრობის დროებით დაფინანსების კანონპროექტის მიღების მცდელობაზე უარის თქმა მოუწია. მალევე გაირკვა, რომ მას საკმარისი მხარდაჭერა რესპუბლიკელ კანონმდებლებშიც არ ჰქონდა. იმ რამდენიმე წამყვან საკითხს შორის, რაზეც რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ თანხმდებიან, სახელდება საზღვრების დაცვისთვის გათვალისწინებული დაფინანსება და ამომრჩეველთა უფლებები.
თუ კანონმდებლებმა სამთავრობო ხარჯების გადანაწილებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მთავრობა დაიხურა, ამან შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენების შეფერხება გამოიწვიოს, რასაც ფედერალური ადმინისტრაცია არეგულირებს. ასევე, შეჩერდება ბევრი სხვა სამთავრობო მომსახურება, ეროვნული პარკების მუშაობა და ა.შ. მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა გავლენა შეიძლება 5 ნოემბრის არჩევნებზეც იქონიოს, იმის მიხედვით, თუ რომელ პარტიას ჩათვლის დამნაშავედ ამერიკელი ამომრჩეველი.
შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები 5 ნოემბერს ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 33 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.
ასევე ნახეთ: ტრამპი ჰარისთან კიდევ ერთ დებატებზე უარს ამბობს