ამერიკამ გერმანიას ჰორმუზის სრუტის დაცვაში დახმარება სთხოვა

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად სთხოვა გერმანიას, დაეხმაროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დაცვაში. სრუტე ირანის მახლობლად, ომანის და სპარსეთის ყურეებს შორის მდებარეობს და ის ბოლო დროს რეგიონში მომხდარი არაერთი დაძაბულობის ადგილია.

ბერლინში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, დღეს გერმანიას სთხოვა, "შეუერთდეს საფრანგეთს და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს, რათა მოხდეს ჰორმუზის სრუტის ირანისგან მომავალი აგრესიისგან დაცვა". გერმანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტის დაცვაზე თანახმაა, მხოლოდ ითხოვს დაზუსტებას, თუ "ვინ უნდა დაიცვას" ის.

საქმე იმაშია, რომ სრუტეში დაძაბულობის ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ამერიკამ ირანთან 2015 წელს დადებული, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. ევროპის ქვეყნები ხელშეკრულებიდან ამერიკის გამოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ. შემდეგ, ვაშინგტონმა თეირანს ნავთობის ექსპორტზე და სხვა წამყვან ინდუსტრიულ სექტორებზე ეკონომიკური სანქციები ისევ დაუწესა.

ვაშინგტონის თხოვნამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა ჩაერთვება რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში, რაც კომერციული გადაზიდვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა, შეერთებული შტატების დედაქალაქში გამართული ეკონომიკური კლუბის შეხვედრაზე, პომპეომ თქვა, რომ ამ გეგმის განვითარება "იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე ეს ჩვენთვის იყო სასურველი". სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ გეგმა წარმატებით იმუშავებს, თუმცა ტვირთების უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, მთელი მსოფლიოს ქვეყნების ჩართულობა იქნება საჭირო.