ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ირანს არ შეუძლია დაიწყოს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მოჰამედ ჯავად ზარიფი სარაკეტო პროგრამების შესახებ მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. ტრამპის თქმით, ირანს არ შეუძლია ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, რომელსაც შეერთებული შტატები ატომური ბომბის გადამტან მოწყობილობად მიიჩნევს.

ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანმა არ უნდა გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა, რისი პირობაც 2015 წელს მიღებულ ბირთვულ შეთანხმებაში არის ჩადებული. თუმცა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა ირანთან 2015 წელს დადებული ხელშეკრულება, თეირანს მოუწოდებს, მაგრამ არ უკრძალავს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

ტრამპმა ამერიკა 2015 წლის ატომური შეთანხმებიდან გასულ წელს გამოიყვანა. მისი თქმით, მსოფლიოს 6 წამყვან სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმება ძალიან სუსტი იყო. შეერთებულმა შტატებმა ამის შემდეგ თეირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთან" საუბარში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა დაიჩივლა, რომ ამერიკა აგრძელებს იარაღის მიყიდვას საუდის არაბეთზე და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ამ ორ ქვეყანას თეირანი მტრებად თვლის. ზარიფის თქმით, ეს ყოველივე რეგიონში დაძაბულობას ზრდის და მას "აფეთქების" ზღვარზე ამყოფებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "თუკი მას [შეერთებულ შტატებს] ჩვენს რაკეტებზე მოლაპარაკება სურს, პირველ რიგში უნდა შეწყვიტონ ამ შეიარაღების, მათ შორის რაკეტების, გაყიდვა ჩვენს რეგიონში“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG