შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა და ისრაელის დაზვერვის უწყება "მოსადის" ლიდერები სამშაბათს დოჰაში ყატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ზავის ორი დღით გაგრძელების შეთანხმების გასამყარებლად.
ასევე ნახეთ: ომი ახლო აღმოსავლეთში - ენტონი ბლინკენი რეგიონის ქვეყნებს ეწვევაშეხვედრის მიზანი „გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზის პროგრესის გაღრმავება და შემდეგი პოტენციური შეთანხმების შესახებ სამომავლო დისკუსიების წამოწყება“ იყო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ უთხრა.
მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც ეგვიპტის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ, ამ დროისთვის უცნობია.
„როიტერისთვის“ ანონიმურობის პირობით მიცემული კომენტარის საფუძველზე, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი დოჰაში ვიზიტით იმყოფებოდა, სხვა საკითხებთან ერთად, მძევლების შესახებ დისკუსიებისთვისაც.
ბერნსი, "მოსადის" დირექტორი დევიდ ბარნეა და ყატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც ყატარმა ღაზაში თავდაპირველი ოთხდღიანი ზავის ორი დამატებითი დღით გაგრძელების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ამაღამ მთავრდება.
ყატარში „ჰამასის“ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერიც იმყოფება.
მიმდინარე ზავი ღაზის სექტორში შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური ომის პირველი ჰუმანიტარული პაუზაა. ისრაელმა ღაზაში „ჰამასის მებრძოლების“ წინააღმდეგ საომარი მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ჰამასის“ შეიარაღებულმა მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე 1200-მდე ადამიანი მოკლეს და 240 ტყვედ აიყვანეს.
Your browser doesn’t support HTML5
მჭიდროდ დასახლებული ღაზის დაბომბვის შედეგად, ანკლავის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაიღუპა 15 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 40% ბავშვია.
ზავის პირველი ოთხი დღის განმავლობაში „ჰამასის" მებრძოლებმა მძევლად აყვანილი 50 ისრაელელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს. სანაცვლოდ, ისრაელმა საკუთარი ციხეებიდან დაკავებული ყველა პალესტინელი ქალი და მოზარდი გაათავისუფლა. ეს 150 პატიმარი იყო.
ორდღიანი ზავის გახანგრძლივების ფარგლებში „ჰამასი“ დათანხმდა ყოველ დღე დამატებით 10 ისრაელელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს მინიშნება, გაათავისუფლებს თუ არა შეიარაღებული დაჯგუფება ტყვედ აყვანილ ისრაელელ მამაკაცებს ან სამხედრო მოსამსახურეებს.