ხმელთაშუა ზღვაში დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი იზრდება

ევროპაში ჩასულ მიგრანტთა რიცხვი შემცირდა. ამავე დროს, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას დაიღუპა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ლიბია ცდილობს ხელი შეუშალოს მათ, ვისაც სატვირთო გემებით ლტოლვილები ევროპისკენ მიჰყავს, ისინი ამას სიცოცხლის რისკის ფასად მაინც ახერხებენ.

სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 276 ადამიანი დაიღუპა - ერთი ყოველ 42 ჩამოსულ ლტოლვილს შორის. წელს კი უკვე 1 095 ადამიანია გარდაცვლილი - ერთი ყოველ 18 ლტოლვილს შორის. მხოლოდ ივნისის თვეში ყოველი მე-7 ლტოლვილი იღუპებოდა.

ამ "სასოწარკვეთილი მოგზაურობისას" წელს ათზე მეტჯერ მოხდა ისე, რომ 50 ან მეტი ადამიანი დაიღუპა ერთდროულად. მათი უმეტესობა ლიბიიდან იყო წამოსული. 7 ასეთი შემთხვევა სწორედ ივნისის თვეში დაფიქსირდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ევროპის ბიუროს დირექტორი ამბობს, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთა სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა.

"ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ რამდენი იღუპება ევროპის სანაპიროებთან მისაღწევად, მთავარი კითხვა ის კი აღარაა, შეძლებს თუ არა ევროპა გაუმკლავდეს ლტოლვილთა დიდ რაოდენობას, არამედ ის, შეძლებს თუ არა ევროპა მოიკრიბოს საჭირო ჰუმანურობა იმისთვის, რომ ადამიანები სიკვდილს გადაარჩინოს", - ამბობს პასკალ მორო.