უკრაინა სამხრეთის ფრონტზე შეტევას აგრძელებს

უკრაინული ძალები სამხრეთ ფრონტს აქტიურად უტევს მას შემდეგ, რაც კიევმა იქ უკრაინის მხარის თქმით, "ნაწილობრივ წარმატებას" მიაღწია. ასევე, უკრაინული მხარე უმკლავდება რუსეთის ძლიერ თავდასხმას აღმოსავლეთში, თქვა ოთხშაბათს უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამხრეთში რვა სოფელი დაიბრუნა. უკრაინული მხარე ძლიერად გამაგრებულ და დანაღმულ ტერიტორიას უტევს და ეს მის წინსვლას აფერხებს.

„[უკრაინულმა ძალებმა] მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას გასული დღის განმავლობაში, ისინი გაერთიანდნენ და გაათანაბრეს ფრონტის ხაზი”, - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა.

ასევე ნახეთ: რუსეთის მოკავშირე ბელარუსი "მობილიზაციის წვრთნებს" იწყებს

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ქალაქ მელიტოპოლისკენ, რომელიც რუსეთის დასაყრდენია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ბერდიანსკის მიმართულებით აზოვის ზღვაზე.

კიევი თვეების განმავლობაში ემზადებოდა კონტრშეტევისთვის, რომელიც განიხილება, როგორც გადამწყვეტი ეტაპი რუსეთთან ომში. კიევმა ადგილზე საკომუნიკაციო შეზღუდვა დააწესა, რის გამოც მოვლენების დამოუკიდებლად გაშუქება და გადამოწმება გართულებულია.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება ორკვირიანი ოპერაციების წარმატების თაობაზე.

მათი შეფასებით, კიევს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია თავისი ძალების დიდი ნაწილი, რომელთა შორის არიან დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი დანაყოფები.

ასევე ნახეთ: კიევისთვის მილიარდობით დახმარების დაპირების ფონზე, ზელენსკი "ნამდვილი პროექტების" საჭიროებაზე საუბრობს

სოციალურ ქსელ "ტელეგრამში", მალიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალაქ ლიმანთან, რომელიც კიევმა რუსული ძალებისგან ოქტომბერში დაიბრუნა.

მისი თქმით, აღმოსავლეთი რჩება რუსეთის შეტევითი მოქმედებების მთავარ აქცენტად და რომ მოსკოვი კვლავ მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულ ოკუპაციას.

რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ოთხშაბათს მოსკოვის რეგიონში სამი დრონი ჩამოაგდო და თქვა, რომ ეს უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმის მცდელობა იყო.