თავდასხმა რუსეთის 6 რეგიონზე და განადგურებული რუსული სამხედრო თვითმფრინავები

Drone attack in Moscow

უკრაინის მიერ რუსეთზე დრონებით განხორციელებული დარტყმების სერიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. ოთხშაბათს უკრაინული დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის სულ მცირე 6 რეგიონზე, მათ შორის სამხედრო აეროდრომზე. შედეგად, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები განადგურდა.

რუსი ოფიციალური პირები რუსეთის პსკოვის, ბრაიანკის, კალუგის, ორლოვის, რიაზანისა და მოსკოვის რეგიონზე მომხდარ თავდასხმებზე საუბრობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმები „დაუსჯელი არ დარჩება“. ამასთან, საგარეო უწყება აცხადებს, რომ უკრაინული დრონები დასავლეთის ქვეყნების დახმარების გარეშე რუსეთის ტერიტორიებზე ამდენად შორს შესვლას ვერ შეძლებდა.

ასევე ნახეთ: დრონებით თავდასხმა მოსკოვსა და ბელგოროდზე, დაღუპულია 3 ადამიანი - "ტასი"

ჩრდილოეთ რუსეთში, უკრაინიდან 600 კმ-ით დაშორებულ პსკოვში, სამხედრო აეროდრომზე, სადაც მედესანტეების ელიტალური გარნიზონია განთავსებული, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, დაზიანდა მინიმუმ ოთხი გიგანტური სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76, რომელთაგან ორ სრულად დაიწვა.

რუსეთის რეგიონებზე განხორციელებული დარტყმები, თვეების განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ დარტყმებს შორის რუსეთის ყველაზე მძიმე საჰაერო დარტყმებს დაემთხვა. ოფიციალური კიევის განცხადებით, ოთხ ლოკაციაზე ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაცო სააგენტო „როიტერის“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხდება აფეთქება საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტთან. მოსკოვი აცხადებს, რომ სამეთაურო და სადაზვერვო ობიექტებს დაარტყა. პსკოვის გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს მასშტაბურ ხანძარს და საავიაციო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას. ონლაინ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ვიდეო, ნატოს წევრი ესტონეთიდან 32 კმ-ის დაშორებით მდებარე რუსული ქალაქის ირგვლივ, საზენიტო სისტემების მოქმედებას ასახავს.

მოსკოვმა განაცხადა, რომ ყველა თავდასხმა მოიგერია. მიუხედავად ადგილზე არსებული დაზიანებებისა, რუსეთი უკრაინული დრონებით თავდასხმას, გამუდმებით წარუმატებლად აფასებს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შემდგომი დარტყმების თავიდან ასაცილებლად, რუსეთი მუშაობს იმ ადგილების დადგენაზე, საიდანაც დრონები გაუშვეს. პესკოვის თქმით, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, როგორც ეს ნებისმიერი სხვა „მასშტაბური თავდასხმის“ შემთხვევაში მოხდებოდა.

ასევე ნახეთ: მორიგი თავდასხმა მოსკოვზე

კიევმა დაადასტურა, რომ პსკოვში რუსული თვითმფრინავები განადგურდა, დეტალების შესახებ კი კომენტარს არ აკეთებს. როგორც წესი, კიევი თავს არიდებს რუსეთის შიგნით განხორციელებული თავდასხმების შესახებ კომენტარის გაკეთებას, თუმცა აცხადებს, რომ აქვს უფლება, სამხედრო ობიექტებს დაარტყას.

"დიახ, ოთხი IL-76 სატრანსპორტო თვითმფრინავი განადგურდა ფსკოვში, აეროდრომზე, მათი შეკეთება შეუძლებელია. ასევე, რამდენიმე სხვა (თვითმფრინავი) დაზიანებულია, მაგრამ ინფორმაცია მოწმდება", - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „როიტერს" უკრაინის შეირაღებული ძალებიდან.

უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რეგულარულად უკრძალავენ კიევს მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის, მაგრამ ამბობენ, რომ კიევს აქვს უფლება ასეთი დარტყმები საკუთარი იარაღით განახორციელოს. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული თვითმფრინავები ბრაიანსკის რეგიონში სატელევიზიო ანძაზე თავდასხმას ცდილობდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ავიაციამ შავ ზღვაში ოთხი უკრაინული სწრაფი შეტევის ნავი გაანადგურა, რომლებშიც 50-მდე მედესანტე იმყოფებოდა და მისმა ძალებმა მოიგერიეს მტრის დრონების თავდასხმები. ეს ინფორმაცია „როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა.

კიევმა განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, 28 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, ასევე -16-დან 15 დრონი.

"კიევს გაზაფხულის შემდეგ არ განუცდია ასეთი ძლიერი შეტევა. მტერმა დაიწყო მასობრივი, კომბინირებული შეტევა თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოყენებით", - თქვა სერხი პოპკომ, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „ტელეგრამზე“.