რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი კრემინა დაიკავეს. ამის შესახებ სამშაბათს რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა.
კრემინა, რომელიც რუსეთთან ომამდე 18 000-ზე მეტ მოსახლეს ითვლიდა, პირველი ქალაქია, რომელიც რუსულმა ძალებმა აიღეს მას შემდეგ, რაც მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევა წამოიწყეს.
ასევე ნახეთ: ვეტმფრენები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები - აშშ უკრაინას ახალ დახმარებას უგზავნის"კრემინა "ორკების" (რუსების) კონტროლის ქვეშაა. ისინი ქალაქში შევიდნენ", განაცხადა ბრიფინგზე ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ.
"ჩვენი დამცველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ისინი ახალ პოზიციებზე გამაგრდნენ და აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის არმიასთან".
მას არ უთქვამს, როდის დაამყარეს კონტროლი რუსებმა კრემინაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ქალაქს თავს "ყველა მხრიდან" ესხმოდნენ.
"შეუძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობის დათვლა. ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა - დაახლოებით, 200 დაღუპული - მაგრამ რეალურად კიდევ ბევრია", თქვა ჰაიდაიმ. მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა პერიოდს მოიცავდა დაღუპულთა სავარაუდო რაოდენობა.