სამშაბათს, გლობალურმა საფონდო ბირჟებმა დანაკარგები აინაზღაურეს ინვესტორების იმედის ხარჯზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი ოკუპირებული რეგიონის მიღმა, მოსკოვი ჯარს არ შეიყვანს.
ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე დაპირისპირების საფრთხემ, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ჯარი უკრაინის დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში შეიყვანა, ნავთობის ფასი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა.
ასევე ნახეთ: 1 რუბლი 0. 013 ცენტია, რუსული რუბლის გაუფასურება გრძელდება
ევროპაში დიდი ომის პერსპექტივამ ინვესტორების მიერ აქციების და სხვა რისკიანი აქტივების მასობრივი გაყიდვა გამოიწვია. „ბრენტის“ ნედლი ნავთობის ფასი ერთ მომენტში 3 დოლარით გაიზარდა და 99 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის სექტემბრის შემდეგ უმაღლესი ნიშნული იყო. ეს ასახავს იმ შიშებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტს რუსეთის ენერგო-ექსპორტის მოშლა შეუძლია.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „ნორდ სტრიმ 2“ გაზის მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გადადო. მიიჩნევა, რომ ეს არის ყველაზე მკაცრი ზომა, რომელსაც ამ ეტაპზე ევროპა მოსკოვის წინააღმდეგ სავარაუდოდ მიმართავს.
ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მდიდარ პირს სანქციები დაუწესა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ ზომას სანქციების „პირველი ტრანში, პირველი საარტილერიო ცეცხლი“ უწოდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერსპექტივის ფონზე, ლონდონის ბირჟაზე ალუმინის ფასი სარეკორდოდ გაიზარდა და ტონაზე 3350 დოლარს მიაღწია. შანხაის ბირჟაზე სარეკორდო ფასი ნიკელმა აჩვენა.
აზიის ბაზრებზე რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 80 პუნქტით დაეცა, შემდეგ კი შემოტრიალდა და ზრდა დაიწყო.
უკრაინაზე თავდასხმის პერსპექტივის გამო, რუსული რუბლი 12 პროცენტით გაუფასურდა, რუსული აქციების ღირებულება კი მესამედით შემცირდა.