უკრაინაში მოსალოდნელი ომის პარალელურად, რუსული აქციების ფასი ეცემა. დღეს რუსული რუბლიც 3 პროცენტით გაუფასურდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 1 რუბლი 0.013 ამერიკული ცენტია.
ეკონომისტების შეფასებით, ეს 2020 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. „მოსკოვის თაიმსი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო სპეციალური ნაბიჯების გადადგმა, რათა შეაჩეროს რუბლის გაუფასურება.
MOEX-ის ინდექსი 5.9 პროცენტით დაეცა, ამ წლის ვარდნის მაჩვენებელი კი ჯამში 15 პროცენტს შეადგენს. 8.1 პროცენტით გაუარესდა მაჩვენებელი RTS-ის ინდექსშიც, 2022 წლის განმავლობაში - 19 პროცენტით.
ეკონომისტი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ რუსული ეკონომიკური მაჩვენებლები შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. პარასკევს, ასლუნდი "ტვიტერზე" წერდა, რომ აქტივების ვარდნაა მოსალოდნელი, ისე როგორც ეს 2008 წელს მოხდა.
„ჯერჯერობით, რუსული TRS საფონდო ინდექსი დოლარში მხოლოდ 27 პროცენტით დაეცა... ვარდნა გაცილებით დიდი უნდა იყოს. 2008 წელს, მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ეს TRS-ის საფონდო ინდექსი 80 პროცენტით გაუფასურდა (საქართველოს ომი + გლობალური ფინანსური კრიზისი)“,- წერს ასლუნდი.
ანდრეს ასლუნდი აქვე განმარტავს, რომ რუსული ეკონომიკური მაჩვენებლები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაცია დაიწყო.
ამ დროისთვის კრემლს უკრაინის საზღვრებთან 190 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. კრემლში უარყოფენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
Facebook Forum