ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თუ რუსეთი დონეცკს და ლუჰანსკს აღიარებს, ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარასდროს უნდა ამუშავდეს - კუბილიუსი


ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეს კუბილიუსი რუსეთის მიერ უკრაინული დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შესაძლო აღიარებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება კრემლში მიღებული იქნება, დასავლეთმა სამუდამოდ უნდა გააჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2.

„დონეცკისა და ლუჰანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარება კრემლის მიერ უნდა ნიშნავდეს, გერმანიისა და ევროკავშირის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" დაუყონებლივ "არაღიარებას". სამუდამოდ,“- წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ევროპულ სანქციებს შორის, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" შესახებაც არის საუბარი.

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის თქმით, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი მოიცავს ზომებს, რომელთა მიხედვითაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ ამუშავდება.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაშინ (გაზსადენის) სერტიფიცირება შეჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სანქციების ნაწილია,“- თქვა ავსტრიის კანცლერმა.

რუსული გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა გაზსადენი ამ დრომდე ელოდება გერმანული და ევროპული მარეგულირებლების სერტიფიცირების გადაწყვეტილებას. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ გაზსადენის ფუნქციონირებაზე ნებართვის გაცემა პირველ კვარტალში უნდა მოხდეს, თუმცა ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენი აღარ ამუშავდება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, მათ შორის გერმანიის კანცლერთან, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგაც. განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც, სადაც განიმარტა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გაზსადენი მუშაობას ვერ დაიწყებს.

ვაშინგტონში წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რის გამოც ამერიკამ რუსულ პროექტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს სანქციებიც კი დაუწესა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას, კრემლში ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტს მთავრობის წევრებმა საკუთარი პოზიციები უკვე გააცნეს. პუტინმა მათ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

პუტინს გასულ კვირას რუსულმა „დუმამაც“ მიმართა, რათა მას ეღიარებინა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა. დღეს კი ვლადიმირ პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტთა ლიდერებმა მიმართეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG