რუსეთი აცხადებს, რომ სამშაბათს უკრაინამ მოსკოვზე დრონებით ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური თავდახმა განახორციელა, თუმცა საჰაერო თავდაცვამ რვავე დრონი გაანადგურა.
დრონების ნამსხვრევები, მოსკოვის ზოგიერთ პრესტიჟულ უბნებში ჩამოვარდა, მათ შორის „ლენინსკის პროსპექტსა“ და „გრანდ პროსპექტში“, ასევე დასავლეთ მოსკოვის რაიონში, სადაც რუსეთის ელიტას, მათ შორის ვლადიმირ პუტინს აქვს რეზიდენციები.
მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ძლიერი აფეთქებების ხმა 2:00 საათიდან, 3:00 საათამდე პერიოდში ესმოდათ, რასაც ბენზინის სუნი მოჰყვა. ზოგიერთმა მათგანმა მომხდარის ამსახველი ვიდეოც გადაიღო, სადაც ჩანდა დრონის ჩამოგდება და კვამლი მოსკოვის ჰორიზონტზე.
ასევე ნახეთ: ბელგოროდის ბრძოლა - ვინ არიან რუსები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიანკრემლი აცხადებს, რომ დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ვლადიმირ პუტინს დილით მიაწოდეს. კრემლში აცახადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა და სამხედროები კარგად მუშაობენ, ამიტომ მოსკოველებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„რა თქმა უნდა, ცხადია ეს კიევის რეჟიმის თავდასხმაა და ეს აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა იქნას გაგებული“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ვლადიმირ პუტინი მუშაობას კრემლში განაგრძობს და არ გეგმავს რუს ხალხს მიმართოს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გამთენიისას თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის აეროპორტები ღია რჩება.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი უკრაინული დრონის გადამისამართებლად ელექტრონული კონტრ-დრონის ტექნოლოგია გამოიყენეს. უწყების განცხადებით, ხუთი დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის პანცირის სარაკეტო სისტემებით.
უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე უარყოფს მოსკოვის თავდასხმაში კიევის უშუალო მონაწილეობას, მაგრამ თქვა, რომ უკრაინა უფრო მეტ მსგავს შემთხვევას პროგნოზირებს.
ასევე ნახეთ: კიევმა ამერიკული იარაღი რუსეთში არ უნდა გამოიყენოს - გენერალი მილი"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამის ყურება სასიამოვნოა და თავდასხმების რაოდენობის ზრდას ვიწინასწარმეტყველებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან უშუალო კავშირი არ გვაქვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ, ბოლო კვირებში, რუსეთის სიღრმეში დრონებით თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა. ნავთობსადენებსა და კრემლზე განხორციელებულ თავდასხმებში, მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
კიევმა უარყო, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში კრემლზე დრონით თავდასხმის უკან ის იდგა, თუმცა The New York Times-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვა თვლის, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი უკრაინა იყო.