ერთი კვირაა, რუსეთში უკრაინის შეჭრა გრძელდება და კრემლი, ამ დრომდე, საზღვრისპირა რეგიონში ვითარებას ვერ აკონტროლებს. საუბარია კურსკის რეგიონზე, საიდანაც რუსული მედიის ინფორმაციით, 76 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, 30-მდე სოფელს კი უკრაინული ძალები აკონტროლებს. რაიონული შენობების ნაწილზე ჩამოხსნილია რუსული დროშები და ახლა იქ უკრაინის დროშებია აღმართული.
კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კურსკის რეგიონში, საზღვრიდან 30 კილომეტრის სიღრმეში, უკრაინული ძალები იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსანდ სირსკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, რუსეთში 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
სად გადის ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე?
ამ დროისთვის, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის, მთავარი ბრძოლა სუჯის რაიონში მიმდინარეობს, იქ, სადაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძია განთავსებული. დღეში ამ გაზსადენში, საშუალოდ, 43 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გაედინება.
რუკაზე შავი წერტილებით ის ადგილებია მონიშნული, სადაც კრემლის მტკიცებით უკრაინელთა პოზიციები გაანადგურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩამოაგდო 30-ზე მეტი უკრაინული საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა, ასევე ათობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.
ასევე ნახეთ: „ბრწყინვალე“ და „გაბედული“ ამერიკელი სენატორი რუსეთში უკრაინის შეჭრაზემიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია და კრემლი ინფორმაციას განადგურებული უკრაინული პოზიციების შესახებ ავრცელებს, სამხედრო ანალიტიკოსები, მათ შორის, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ სტრატეგიულ პოზიციებს, ამ დრომდე, უკრაინელები ინარჩუნებენ, რომლებიც ნელა, მაგრამ წინ მიიწევენ.
„ვფიქრობ კონტრშეტევამ და შეჭრამ ბევრი რამ შეცვალა. ის მართლაც ძალიან წარმატებულია და უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია ომი მოიგოს. ამ შეტევამ საზოგადოების შეხედულება სრულად შეცვალა, ბევრს ესიამოვნა. ვფიქრობ, თუ ზელენსკი შეძლებს ამ ტალღის მართვას, ეს უკრაინისთვის ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლოა პროცესები სხვანაირად განვითარდეს, თუ რუსეთი ამის შემდეგ უკრაინაზე თავდასხმებს გააძლიერებს. ჩვენ ვიცით და ვნახეთ, რომ რუსეთს ნამდვილად აქვს უფრო მეტი რესურსი და ძალა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად წარმატებით შეძლებს ახლა კრემლი ამ ძალის მართვას“,- ამბობს ანალიტიკოსი მარიონ მესსმერი, „ჩატამ ჰაუსიდან“.
„მიზანი უდავოდ მიღწეული იქნება, მტერი განიდევნება“
მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები რუსეთში შეიჭრა, კრემლში არაერთი საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა.
პუტინმა 12 აგვისტოს, კიდევ ერთ ასეთ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთიდან უკრაინული ძალები განიდევნება და „მტერი პასუხს აგებს“.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ძალებს სასაზღვრო რეგიონიდან განდევნის„თავდაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი ნამდვილად არის მტრის განდევნა, გაძევება ჩვენი ტერიტორიებიდან და სასაზღვრო სამსახურთან ერთად, საზღვრის უსაფრთხოების საიმედო გარანტირება. მტერი აუცილებლად მიიღებს შესაბამის პასუხს და ჩვენ მიერ დასახული ყველა მიზანი უდავოდ მიღწეული იქნება“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ „დასავლეთი რუსეთს უკრაინის გამოყენებით ებრძვის“. სპეციალურ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევი „დასავლელი ბატონების დახმარებით და მათი ბრძანებების შესრულებით მოქმედებს“.
ვლადიმირ პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელთა შეჭრას „სამხედრო მიზანი“ არ აქვს და ის წარუმატებელი იქნება.
საევაკუაციო არეალი ფართოვდება
მაშინ, როცა პუტინი უკრაინული ძალების რუსეთიდან განდევნაზე საუბრობდა, საზღვრისპირა რეგიონებში საევაკუაციო არეალი გაფართოვდა.
კურსკთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ბელოვსკის რაიონშიც, სადაც 14 000 ადამიანი ცხოვრობს. „სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ვისაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოცხადდით საევაკუაციო პუნტქში.ვინც ჯერ კიდევ რჩებით ამ ტერიტორიებზე გთხოვთ, გთხოვთ დატოვეთ ეს ტერიტორია“,- წერს რაიონის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოლუბუევი „ტელეგრამში“.
მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია ბელგოროდიდანაც, კერძოდ, კრასნოიარუჟიდან. განცხადება „ტელეგრამში“ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავად გაავრცელა. გლადკოვი მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ.
„აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანა“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კურსკში უკრაინელთა შეჭრის შესახებ არ საუბრობდა, ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნამდვილად უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მეტიც, ზელენსკი განმარტავს, რომ ეს არის ერთგვარი პასუხი აგრესორის წინააღმდეგ, რომელმაც კურსკის რეგიონი უკრაინულ ქალაქებზე იერიშებისთვის, მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში, 2000-ჯერ გამოიყენა.
ასევე ნახეთ: პირველი ფრენიდან 50 წლის თავზე, ეფ-16-ები უკრაინაშია„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და უზრუნველყოფს აგრესორზე ზუსტად იმ ტიპის ზეწოლას, რაც საჭიროა“,- ამბობს ზელენსკი“.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო ოპერაცია გრძელდება და ის ფრონტის ხაზიდან ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრისგან, გენერალ პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკიგან იღებს.
“დღეს მე მივიღე რამდენიმე მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, რათა აგრესორის ტერიტორიაზე ომი გადავიტანოთ“, - თქვა ზელენსკიმ.
12 აგვისტოს , დღის მიწურულს, მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პარალელი გაავლო 2000 წელს ჩაძირულ რუსულ ატომურ წყალქვეშა გემ K-141 “კურსკსა” და რუსეთის რეგიონ კურსკს შორის.
„24 წლის წინ, “კურსკის” კატასტროფა მოხდა, [ეს იყო] პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა უკვე ვიცით რა იქნება მისი ბოლო, ისევ კურსკი. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს და ახლა ომი სახლში ბრუნდება“, - თქვა ზელენსკიმ.
რუსული ატომური წყალქვეშა გემი ბარენცის ზღვაში 12 აგვისტოს ჩაიძირა, ბორტზე მყოფი 118 ადამიანი კი დაიღუპა. Მაშინ, პუტინმა ტელეკომპანია „სიენენის“ წამყვანის, ლარი კინგის კითხვაზე პასუხად, თუ რა დაემართა წყალქვეშა ნავ “კურსკს”, პუტინმა თქვა - „ჩაიძირა“. ვლადიმირ პუტინს ამ განცხადების გამო, თავის დროზე, რუსეთში აკრიტიკებდნენ. კრიტიკას იმსახურებდა პუტინის გადაწყვეტილებაც, რომ როცა წყალქვეშა ნავი “კურსკი” ჩაიძირა შვებულებაში იყო და ის ვადაზე ადრე არ შეწყვიტა.
რას უნდა ველოდოთ?
რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებით კურსკის რეგიონში, ამ დროისთვის, ვითარება სტაბილურია, თუმცა უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის რეგიონისკენ გაგზავნა დამატებითი შენაერთები, ცოცხალი ძალა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა. ზუსტი რაოდენობა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის. კიევი ამ დრომდე არ აკონკრეტებს რა მიზანი აქვს სამხედრო ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე და გეგმავს თუ არა უკრაინა ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას.
რა ვიცით მსხვერპლზე
მსხვერპლის შესახებ, ამ დროისთვის, დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღუპული ან დაჭრილი მებრძოლების, სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციას, ტრადიციულად, არც კიევი და არც მოსკოვი არ ასაჯაროებს. თუმცა, რუსეთიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არიან როგორც დაღუპულები ასევე დაშავებულები. ვრცელდება ინფორმაცია ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების შესახებაც.