უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის არმია რუსეთის "სრულმასშტაბიანი შემოჭრის" მოსაგერიებლად სულ მცირე სამ ფრონტზე იბრძვის.
ტელეკომპანია “სი-ბი-ესის” ჟურნალისტები კიევიდან და ხარკოვიდან იუწყებიან, რომ ესმით დაბომბვის ხმები. ვარაუდობენ, რომ უკრაინაში შეჭრის დროს, იერიშის პირველ დღეს რუსებმა 160 რაკეტა გაუშვეს.
იგივე ინფორმაციას ადასტურებენ სააგენტო "ასოშიეტედ პრესის" ჟურნალისტები კიევიდან. მათი თქმით, კიევის სხვადასხვა უბანში რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.
ტელეკომპანია “სი-ენ-ენის” ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ კიევის ცენტრში ორი ხმამაღალი აფეთქების ხმა გაიგეს.
ასევე ნახეთ: ბროუდერი: "პუტინის წარმატება ჩვენი ცხოვრების მიმართულებასაც შეცვლის"„კიევზე ფრთოსანი, ან ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გრძელდება“, - უთხრა ჟურნალისტებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კიევი რუსეთის მხრიდან "საშინელი" დაბომბვის ქვეშაა.
"საშინელი რუსული რაკეტები უტევენ კიევს. ბოლოს ასეთი რამ დედაქალაქმა 1941 წელს გამოსცადა, როდესაც მას გერმანელი ნაცისტები დაესხდნენ თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. მოახდინეთ რუსეთის იზოლირება. გაწყვიტეთ ყველა კავშირი. გააგდოთ რუსეთი ყველა ადგილიდან",- წერს კულება.
ხუთშაბათს, უკრაინის დროით გვიან ღამით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსახლეობას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა კიევში შეაღწიეს.
ვიდეო მიმართვაში, რომელიც დღეს გვიან ღამით გავრცელდა, ზელენსკიმ თქვა: "ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მიზანში ნომერ პირველად მე, ხოლო ნომერ მეორედ ჩემი ოჯახი ამოიღო. მათ სურთ, რომ სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით, გაანადგურონ უკრანია პოლიტიკურად. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მტრის დივერსიულმა ჯგუფებმა შემოაღწიეს კიევში".
ასევე ნახეთ: ზელენსკი: კიევში რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა შემოაღწიესზელენსკის თქმით, მისი ოჯახის წევრები ახლა იმალებიან, ვინაიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა თავად არსად წასვლას არ აპირებს. "მე ვრჩები სამთავრობო შენობაში სხვებთან ერთად", - თქვა ერისადმი მიმართვის დროს ზელენსკიმ.
ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობასაც მიმართა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. "მოსახლეობას ძალიან ვთხოვ: ფრთხილად იყავით, მიჰყევით კომენდანტის საათის წესებს".
ზელენსკიმ მსხვერპლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხუთშაბათს საღამოს მონაცემებით, გარდაცვლილია მინიმუმ 137 ადამიანი. მათ შორისაა 10 ოფიცერი და 13 საზღვრის დამცველი.
პრეზიდენტის ინფორმაციით, დაჭრილია 316 ადამიანი. ყველა მათგანმა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო.
ასევე ნახეთ: პუტინი ბიზნესმენებს: სხვა გზა არ მქონდა...რუსეთის მხრიდან, დაბომბვა უკრაინაში ხუთშაბათს, გამთენიისას დაიწყო, რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც პუტინმა თქვა, რომ მან "გადაწყვიტა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება". რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა მეზობელი ქვეყნის "დემილიტარიზაციას და ნაცისტებისგან გაწმენდას".
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ძალებს დაედოთ იარაღი და ჩაებარებინათ თავიანთი ქვეყანა. პუტინმა, ასევე გააფრთხილა ამერიკა და ნატო, რომ არ ჩაერიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ "ისეთ შედეგებთან გამკლავება, როგორიც არასდროს გინახავთ".