შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან მსოფლიოში უსაფრთხო დერეფნით მარცვლეულის ექსპორტი ხდება, საფრთხის ქვეშაა. განცხადებას ამის შესახებ კიევი აკეთებს. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმებას საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც რუსეთმა თურქეთში გემების ინსპექტირების საკითხი დაბლოკა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთობლივ ჯგუფში მყოფმა რუსმა ინსპექტორებმა ახსნა-განმარტების გარეშე უარი თქვეს სამი გემის შემოწმებაზე და მათ რეგისტრაციაზე.
ასევე ნახეთ: კრემლი: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას კარგი პერსპექტივა არ უჩანსუკრაინული პორტები გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბლოკირებულია. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებამ მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გამოიწვია, რის შემდეგაც გაეროსა და თუქრეთის ჩართულობით უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება შედგა და სამი უკრაინული პორტი გაიხსნა.
შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას, გასულ თვეში გახანგრძლივდა, მაგრამ უკრაინამ განაცხადა, რომ ბოსფორის გავლით უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავი სატვირთო გემების რაოდენობა კრიტიკულად დაბალია.
„მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირების 9 თვის განმავლობაში უკვე მეორედ, ინსპექტირების გეგმა არ არის შედგენილი და არც ერთი ხომალდი არ არის შემოწმებული“, - აცხადებენ უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, შეთანხმება საფრთხის ქვეშ არის.
Your browser doesn’t support HTML5
კიევის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინაში ამერიკის ელჩიც. ბრიჯიტ ბრინკი „ტვიტერზე“ წერს, რომ 50-ზე მეტი ხომალდი ელოდება თანხმობას რათა უკრაინულ პორტებში შევიდეს „მარცვლეულის ჩასატვირთად“.
რუსეთს ამ დროისთვის საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კრემლში თქვეს, რომ შეთანხმების განახლების პერსპექტივები „არც ისე ნათელია“. მოსკოვში ამბობენ, რომ დადებული შეთანხმება არ მუშაობს.