რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა ორშაბათს მოსკოვის სასამართლომ ღალატის ბრალდებით გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვინ არის კარა-მურზა?
ის 41 წლის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან განათლება ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. ის ბორის ნემცოვის, რუსეთში წამყვანი ოპოზიციური ფიგურის მოკავშირე იყო. ნემცოვი, კრემლის მახლობლად 2015 წელს მოკლეს.
დაპატიმრებამდე კარა-მურზა მზარდი რისკების მიუხედავად, აგრძელებდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკას.
2015 და 2017 წლებში, კარა-მურზა მოულოდნელად დაავადდა. ორივე შემთხვევას ის რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ მის მოწამვლას უკავშირებდა. ორივე შემთხვევაში ის კომაში ჩავარდა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.
კარა-მურზას ადვოკატები აცხადებენ, რომ შედეგად მას სერიოზული ნერვული აშლილობა აქვს, რომელსაც პოლინეიროპათია ეწოდება.
კარა-მურზა იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ოპოზიციურ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ აქტიურობდნენ. მან საჯაროდ დაგმო ომი, რითაც რუსეთის ახალი ცენზურის კანონები დაარღვია.
რა არის კარა-მურზას ბრალდება?
კარა-მურზა 2022 წლის აპრილში "სი-ენ-ენზე" გასული მისი ინტერვიუდან რამდენიმე საათში დააკავეს, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსეთს "მკვლელთა რეჟიმი" მართავს. ის "უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადეს და უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ივლისში მას ბრალი დაუმძიმეს უცხოეთში დაფუძნებულ ორ ოპოზიციურ ფორუმში მონაწილეობის გამო, რომლებიც რუსეთის სახელმწიფომ შეაფასა, როგორც "არასასურველი".
საბოლოოდ, 6 ოქტომბერს, მას ბრალი წაუყენეს ღალატში ლისაბონში, ჰელსინკსა და ვაშინგტონში საჯარო გამოსვლების გამო.
პროკურატურამ მისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
როგორ უპასუხა მან ბრალდებებს?
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, მაგრამ კარა-მურზას მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს სასამართლოს წინაშე წარმოთქმული სიტყვის ასლი. მან თქვა, რომ არაფერი დაუშავებია და პროცესი შეადარა იოსებ სტალინის სასამართლო პროცესებს.
"კრიმინალებმა უნდა მოინანიონ, რაც ჩაიდინეს. მე, მეორე მხრივ, ციხეში ვარ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ისიც ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ჩვენს ქვეყანაში სიბნელე გაიფანტება", - თქვა კარა-მურზამ, რომელმაც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა.