უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან, უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგად, გარდაცვლილია მინიმუმ 8, ხოლო დაჭრილი ან დაშავებულია 9 ადამიანი.
პარალელურად, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი ჩერნიჰივის, ხარკოვისა და ლუჰანსკის რეგიონებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი იტყობინება, რომ მათ 5 რუსული საჰაერო ხომალდის და ვერტმფრენის ჩამოგდება მოახერხეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხა. თუმცა მოსკოვი საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უარყოფს, რომ დანაკარგი განიცადა.
ასევე ნახეთ: მსოფლიო ლიდერები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობენპარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ბაზები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანეიტრალა. „უკრაინის სამხედრო საჰაერო ბაზებზე სამხედრო ინფრასტრუქტურა წყობიდანაა გამოსული“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები უტევდნენ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას. „მაღალი სიზუსტის იარაღით მწყობრიდან გამოგვყავს საომარი ინფრასტრუქტურა, ანტი-სარაკეტო თავდაცვითი ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია“, - ნათქვამი იყო მედიის მიერ გავრცელებულ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. იქვე განმარტებული იყო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ახორციელებენ სარაკეტო საავიაციო ან საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. „სამოქალაქო პირებს, მოსახლეობას არაფერი ემუქრება“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
მოსკოვის დროით, 24 თებერვალს გამთენიისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციების“ გატარება გადაწყვიტა. ორი დღით ადრე, მოსკოვმა უკრაინის რეგიონები, დონეცკი და ლუჰანსკი, ე.წ. „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინას უტევს, პუტინი ნატოსა და ამერიკას აფრთხილებს
მოსკოვის მიერ, უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალ შეჭრასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენის თთქმით, ვლადიმირ პუტინმა, „წინასწარ განზრახული ომი აირჩია" და „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს.
თვეების განმავლობაში, რუსეთს უკრაინის საზღვრებსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საბრძოლო ტექნიკა და 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა დასავლელი ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კრემლი უკრაინაში განმეორებით შეჭრას გეგმავდა.
მოსკოვმა, უკრაინასა და მის ირგვლივ, სამხედრო ძალების განთავსების შემდეგ, დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიების" მისაღებად, მოთხოვნები წაუყენა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ვაშინგტონისგან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით დასტურს, რომ უკრაინა და საქართველო, ალიანსის წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად, ვაშინგტონმა და ალიანსმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.