კიევის შემოგარენს რუსეთი კვლავ ბომბავს

კიევი

რუსულმა შენაერთებმა, კიევის შემოგარენი დაბომბეს ერთი დღის თავზე მას შემდეგ რაც, რუსეთი აცხადებდა, რომ ქალაქის გარშემო ოპერაციას კვეცდა და უკან იხევდა. დასავლეთში განაცხადეს, რომ ეს მოსკოვის მცდელობის ნაწილია მოახდინოს გადაჯგუფება, რადგან მისი დანაკარგები დიდია.

ომის ხუთი კვირის თავზე და იმ ფონზე, როცა რუსეთმა ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკან იხევდა კიევიდან და ჩერნიჰივიდან, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცე მიეცა.

თუმცა კიევში ოთხშაბათ დილას, ბომბების და აფეთქებების ხმა ისმოდა. დაპირისპირება "როიტერის" ცნობით, ქალაქის შემოგარენში მიმდინარეობს. წინა დღეებში, უკრაინულმა ძალებმა კიევის გარშემო რამდენიმე დასახელებაზე დაიბრუნეს კონტროლი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინელები გულუბრყვილონი არ არიან“ და რომ „უკრაინელებმა უკვე ისწავლეს, ამ შეჭრის 34 დღის და ბოლო რვა წლის განმვლობაში, რომ ერთადერთი რასაც შეიძლება ენდო, კონკრეტულ შედეგებია“.

ასევე ნახეთ: დაპირების მიუხედავად, კრემლი უკრაინის ქალაქების დაბომბვას დღესაც აგრძელებს

პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო მცირე შენაერთების გადასროლა კიევის გარშემო პოზიციებიდან და აღნიშნული შეაფასა, როგორც „რეპოზიციონირება“ და არა გასვლა.

„უნდა დავაკვირდეთ დიდ დარტყმას უკრაინის სხვა ნაწილებში“, - თქვა ჯონ კირბიმ. „ეს არ ნიშნავს, რომ კიევის მიმართ საფრთხე გაქრა“, - აღნიშნა მან.

გუშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ მისი ოპერაციის მთავარი ფოკუსი ახლა სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონია.

რუსეთი ომის დასაწყისში აცხადებდა, რომ მისი „სპეციალური ოპერაციის“ მიზანი უკრაინაში, ქვეყნის „დენაციფიკაცია“ და განიარაღება იყო.