„მათთვის, ვინც მეზობლების მიმართ კრემლის პოლიტიკას წლების განმავლობაში ადევნებს თვალს, ახლა მიმდინარე მოვლენები სახიფათოდ ნაცნობია“ - ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში. ქერჩის სრუტეში უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის ესკალაციამ ვაშინგტონში ანალიტიკოსებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და ის პროვოკაციები გაახსენა, რომლებსაც რუსეთი 2008 წლის გაზაფხულზე, ზაფხულში და ამის შემდეგაც იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
„მოსკოვი წლების განმავლობაში აწყობდა პროვოკაციებს საქართველოს წინააღმდეგ, იქნებოდა ეს სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა, ბომბების შემთხვევითი ჩამოვარდნები საქართველოს ტერიტორიებზე, ცეცხლის გახსნა შიდა სადემარკაციო ხაზთან და ა.შ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან სწორედ ცეცხლის ასეთი გახსნა უძღოდა წინ რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წელს“, - განმარტავს ჰერბსტი ქერჩთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
25 ნოემბრის მოვლენები ქერჩის სრუტეში
მოსკოვის ეს მიდგომა ჰგავს მცოცავ ანექსიას, რომელსაც ვხედავთ 2008 წლის შემდეგ საქართველოში, როდესაც ცალკეული შემთხვევა თითქოს არ არის დრამატული მნიშვნელობის, მაგრამ მაინც ემსახურება რუსეთის სტრატეგიული მიზნების მიღწევასდეიმონ უილსონი, "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი
უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ ქერჩის სრუტესთან, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის სანაპიროებთან რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებსა და სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილია 6 და ტყვედაა აყვანილი 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაური. კიევი ასევე აცხადებს, რომ შავ ზღვაში ოდესის პორტიდან აზოვის ზღვის პორტ მარიუპოლისკენ მიმავალი სამივე გემი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო სადარაჯო ხომალდი უკრაინულ გემს განზრახ შეეჯახა, საიდანაც მოგვიანებით უკრაინულ გემებზე მყოფ მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კრემლისგან უკრაინელი მეზღვაურებისა და ხომალდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ქერჩის სრუტე ერთადერთი დამაკავშირებელი დერეფანია შავ და აზოვის ზღვებს შორის. უკრიანული მხარე აცხადებს, რომ მათ რამდენჯერმე აცნობეს რუსულ მხარეს გემების მარშრუტის შესახებ. კრემლი საწინააღმდეგო ვერსიას ავრცელებს და ბრალს უკრაინას სდებს.
რუსული მხარის თანახმად, ამ გემების გადაადგილების შესახებ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი. კრემლი ასევე აცხადებს, რომ უკრიანული ხომალდები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრნენ, რითაც უკრაინამ დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ამით საფრთხე შეუქმნა სხვა გემების თავისუფალ გადაადგილებას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს თანაბარ საფრთხეს უქმნის და რომ უკრაინის მხრიდან ეს წინასწარ განზრახული პროვოკაცია იყო.
გამოხმაურებები
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაგმო რუსეთის ქმედებები და თქვა, რომ მას აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. „ვგმობ რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში ძალის გამოყენებას. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დააბრუნოს უკრაინელი მეზღვაურები, ხომალდები და თავი შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისგან. ევროპა ინარჩუნებს ერთიანობას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, - დაწერა ტუსკმა „ტვიტერზე“.
კვირას გვიან ღამით გავრცელდა ნატოსა და ევროკავშირის განცხადებებიც, სადაც ისინი ორივე მხარეს მაქსიმალურად მოზომილი და ფრთხილი ქმედებებისკენ მოუწოდებენ. ნატომ მოუწოდა რუსეთს უზრუნველყოს ის, რომ უკრაინულ ხომალდებს შეუზღუდავად ჰქონდეს წვდომა და სანავიგაციო მარშრუტი უკრიანულ პორტებამდე ქერჩის სრუტის გავლით.
ევროკავშირი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, დანია და კანადა გმობენ მომხდარს და რუსეთის ქმედებებს "აგრესიას" უწოდებენ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თეთრ სახლს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ამ თემაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება. ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხზე".
უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებს რუსეთი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში თანდათან ააქტიურებდა. ისეთივე მცირე ნაბიჯებით, როგორიც ვნახეთ რუსეთის მცოცავი აგრესიის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში",ალექსანდრ ვერშბოუ
ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი გუშინ მომხდარ ინციდენტს რუსული სცენარისა და სტრატეგიის ადვილად ამოსაცნობ ნაწილად მიიჩნევს. „მოსკოვის ეს მიდგომა ჰგავს მცოცავ ანექსიას, რომელსაც ვხედავთ 2008 წლის შემდეგ საქართველოში, როდესაც ცალკეული შემთხვევა თითქოს არ არის დრამატული მნიშვნელობის, მაგრამ მაინც ემსახურება რუსეთის სტრატეგიული მიზნების მიღწევას,“ - ამბობს "ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.
"ბოლო წლის განმავლობაში რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა აზოვის ზღვაში წარმომადგენლობა. რუსეთს ახლა რვა სამხედრო ხომალდი ჰყავს ამ პატარა ზღვაში", - განმარტავს ჰერბსტი. ყოფილი ელჩი ამას „ორმაგ პროვოკაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ მას სამხედრო და კომერციული დანიშნულება აქვს. მისი აზრით, ეს იმ "დიდი თამაშის" გაგრძელებაა, რომელიც მოსკოვმა წელს აპრილში დაიწყო აზოვის ზღვაში გემების შემოწმებით.
ჰერბსტის აზრით, ეს უკრაინის ეკონომიკას პირდაპირ აზარალებს, რადგან შეფერხებული გადაზიდვები იწვევს ფასის და დანახარჯების ზდას და შესაბამისად აძვირებს მომსახურებას. კრემლის მეორე მიზანი ის არის, რომ უკრაინას რაიმე სახის სამხედრო მოქმედება აიძულოს საკუთარი გემების საკუთარ პორტებს შორისვე მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ამერიკის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ რუსეთის ქმედებებს "უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა" უწოდა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და გაუარესდება, თუკი მოსკოვი განაგრძობს მოვლენათა ესკალაციას.
„შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში“ - ასე შეაფასა უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადებები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაეროში და აღნიშნა, რომ განხილვების აქცენტი კეთდება არა უშუალოდ ინციდენტზე, არამედ სხვა საკითხებზე.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის განცხადებით, სასაცილოა იმის თქმა, თითქოსდა რუსეთი ახლა უკვე აზოვის ზღვის ანექსიასაც ცდილობს. მან ასევე განმარტა, რომ როდესაც უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი, ასევე უნდა იყოს გარანტირებული რუსეთის სუვერენიტეტის დაცვა. “რუსეთი მკაცრად უპასუხებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის ყველა მცდელობას შავ ზღვაშიც და აზოვის ზღვაშიც“, თქვა მან.
პოლიანსკიმ დასძინა, რომ ყირიმის ანექსიის თემა უკვე დახურულია, რადგან ყირიმის მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატის თქმით, ის ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, 2014 წლამდეც რუსეთს ეკუთვნოდა და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც სხვები „ყირიმის ანექსიას“ უწოდებენ.
პოლიანსკი აცხადებს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ უკრაინელი მეზღვაურები შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე მოქმედებდნენ. „ვაგრძელებთ გამოძიებას და შედეგებს გაგიზიარებთ“, - განაცხადა ელჩმა.
რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა
"ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ ამერიკამ და ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდონ საზღვაო წარმომადგენლობა აზოვის ზღვაში იმისათვის, რომ საერთაშორისო გემების უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი. ამერიკამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა კი მკაცრად უნდა გააპროტესტონ მომხდარი, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვი გამუდმებით ცდილობდა საერთაშორისო წყლები რუსეთის შიდა წყლებად ექცია და აზოვის ზღვაში უკრაინის გემების უკრიანისავე ორ უდიდეს პორტთან მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებთან მისასვლელი დაებლოკა.
აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საზღვაო რადარები და აზოვს ზღვის დასაცავად საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა. ამასთან, მისი აზრით, ამერიკამ ასევე უნდა დააწესოს სანქციები, სრულად გაყინოს სულ მცირე ერთი უდიდესი რუსული ბანკის აქტივები, მაგალითად, "სბერბანკის", "ვი-თი-ბის" ან "გაზპრომბანკის".მაიკლ კარპენტერი
ალექსანდრ ვერშბოუს კი მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებები ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც "წინასწარგანზრახული აგრესია", რომლის მიზანიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინის დესტაბილიზაციაა. „უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებებს რუსეთი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში თანდათან ააქტიურებდა. ისეთივე მცირე ნაბიჯებით, როგორიც ვნახეთ რუსეთის მცოცავი აგრესიის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში", განმარტავს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში.
ვერშბოუ დასძენს, რომ მოსკოვი ცდილობს წარმოაჩინოს უკრაინა, როგორც „შეუმდგარი სახელმწიფო“, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი საზღვრების დაცვას. "მოსკოვი ამით ცდილობს წაახალისოს ქვეყნის ხელისუფლებაში სხვა მმართველების მოსვლა, რომლებიც შეცვლიან უკრაინის დამოკიდებულებას ევროკავშირისა და ნატოს მიმართ".
ანალიტიკოსი ამერიკის პრეზიდენტის პოზიციასაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ამბობს, რომ ტრამპი პირობას დებდა, უფრო მკაცრი იქნებოდა რუსეთის მიმართ და თუკი დონალდ ტრამპი ობამას ადანაშაულებს იმაში, რომ "მან დაუშვა რუსეთს ყირიმი მიეტაცებინა", თავად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთმა ახლა აზოვის ზღვაც მიიტაცოს.
სანქციების გამკაცრების მომხრეა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ბაიდენის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი მაიკლ კარპენტერიც. მისი თქმით, აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საზღვაო რადარები და აზოვს ზღვის დასაცავად საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა. ამასთან, მისი აზრით, ამერიკამ ასევე უნდა დააწესოს სანქციები, სრულად გაყინოს სულ მცირე ერთი უდიდესი რუსული ბანკის აქტივები, მაგალითად, "სბერბანკის", "ვი-თი-ბის" ან "გაზპრომბანკის". რუსული ბანკის ან ბანკების სანქცირება, ისევე როგორც სხვა ზომები უნდა შემცირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი აღადგენს უკრაინის სრულ წვდომას საკუთარ პორტებზე და გაიყვანს ძალებს დონბასიდან. "სანამ ეს არ მოხდება, კრემლისთვის საფასური უნდა იზრდებოდეს".
საომარი მდგომარეობა 30 დღით
პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დადგენილება მიიღო. მის ასამოქმედებლად პარლამენტის დასტური იყო საჭირო, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ 450 დეპუტატიდან 276-მა მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის 10 ოლქში გამოცხადებას. ეს ზომები მოიცავს ნაწილობრივ მობილიზაციას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ასევე გარკვეულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია "კონტრდაზვერვის, კონტრტერორიზმის და კონტრსაბოტაჟის რეჟიმის და საინფორმაციო უსაფრთხოების გაძლიერება"
პრეზიდენტმა პარლამენტარებს სატელევიზიო გამოსვლით მიმართა და თქვა, რომ ეს ვითარება არ შეეხებოდა და არ შეზღუდავდა სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს და არც არჩევნების გადადებას გამოიწვევდა. უკრაინაში 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. გარდა იმისა, როგორ იმოქმედებს ეს პოროშენკოს იმიჯსა თუ მოსახლეობის მიერ მის მიმართ დამოკიდებულებაზე, ზოგიერთი სკეპტიკოსი მიიჩნევს, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო კამპანიაზე.