ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი მიწისძვრა მართლმადიდებლურ სამყაროში


საერთო ლოცვა ლვოვში უკრაინის ეკლესიის ერთიანობისთვის
საერთო ლოცვა ლვოვში უკრაინის ეკლესიის ერთიანობისთვის

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ანუ საეკლესიო დამოუკიდებლობის მინიჭების პროცედურის დაწყების გამო, რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

როგორ აისახება ეს დემარში მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროზე და კონკრეტულად, საქართველოს ეკლესიაზე? რით არის ჩვენი ნეიტრალიტეტი განპირობებული და რამდენად შევინარჩუნებთ ამ პოზიციას, "უკრაინის საკითხში" რუსეთის მხრიდან საქართველოს სამღვდელოებაზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში?

თუ უკრაინამ ავტოკეფალია საბოლოოდ მაინც მიიღო, როგორ იმოქმედებს ეს პრეცედენტი ჩვენს კანონიკურ ტერიტორიებზე (პირველ რიგში აფხაზეთზე), რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

მირიან გამრეკელაშვილი (ქვედა რიგში, მარცხნიდან პირველი) კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად
მირიან გამრეკელაშვილი (ქვედა რიგში, მარცხნიდან პირველი) კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ამ თემებზე, გერმანიაში მოღვაწე ქართველ თეოლოგს მირიამ გამრეკელაშვილს ესაუბრა. იგი აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კულტურულ მეხსიერებასთან მიმართებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიის თანამედროვე იდენტობას იკვლევს:

არსებობს თუ არა წინაპირობა, რომ რუსეთსა და კონსტანტინოპოლს შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა, მე-11 საუკუნის მსგავს დიდ სქიზმაში, დიდ საეკლესიო განხეთქილებაში გადაიზარდოს?

ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლს შორის იმის მაჩვენებელია, რომ ამ ორ ქრისტიანულ ცენტრს შორის კონფრონტაციამ კულმინაციას მიაღწია და ახლა თვალს დაპირისპირების გადამწყვეტ ეტაპს ვადევნებთ.

ამასთან, მართლმადიდებლურ სამყაროში ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა არ არის უცხო მოვლენა. მაგალითად, ამჟამად, სადაო კანონიკური ტერიტორიის გამო, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი არა აქვთ. რამდენიმე წლის უკან იერუსალიმისა და რუმინეთის ეკლესიებს შორის გაწყვეტილი იყო კავშირი, ასევე სადაო ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობის გამო.

რუსეთის და კონსტანტინოპოლის პატრიარქები
რუსეთის და კონსტანტინოპოლის პატრიარქები

დიდ საეკლესიო განხეთქილებაში ეს დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებსაც მოსთხოვს, რომ კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტონ"

დიდ საეკლესიო განხეთქილებაში ეს დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, რუსეთი სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებსაც მოსთხოვს, რომ მათაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგან. თუ იგივე სერბეთს, ანტიოქიას, საქართველოს, ბულგარეთს, ჩეხეთს, პოლონეთს და სხვებს მოსთხოვს გაწყვიტონ კონსტანტინოპოლის საპატრიაქროსთან ევქარისტიული კავშირი, ეს უკვე იქნება 1054 წლის შემდეგ ახალი სქიზმა ანუ დიდი სქიზმა-2.

რის საფუძველზე შეიძლება მოითხოვოს რუსეთმა სხვა ეკლესიებისგან კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის გაწყვეტა?

მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის განჩინებაში, რომელიც ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის მიზეზებს ხსნის, მოხმობილია რამდენიმე საეკლესიო კანონის ინტერპრეტაცია და ასეთი მოთხოვნის ფორმალური გაფორმება პრობლემა არ იქნება. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ეს ეკლესიები რუსეთს ანგარიშს სრულიად სხვა წონადი არგუმენტების გამო უწევენ.

ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური გავლენა, როგორიც რუსულ სახელმწიფოს აქვს, მაგალითად - სირიაში. ეს არის პერსონალური დამოკიდებულება, იგივე ჩეხეთსა და პოლონეთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ეკლესიების სათავეში მათი გამოზრდილი პრორუსული სამღვდელოებაა გამაგრებული.

ეს არის ფულადი შენაწირები, რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში პერიოდულად აკეთებს, მათ შორის ეგვიპტეში. ალექსანდრიის პატრიარქმა, მოგეხსენებათ, არ დაუჭირა მხარი კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები კიევში, 2013
მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები კიევში, 2013

შეგვიძლია უკვე ჩავთვალოთ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მხოლოდ დროის საკითხია? დარჩა კიდევ გადაულახავი გარემოება, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს, შეაჩეროს ან ჩაშალოს?

კონსტანტინოპოლისთვის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს, თუ რუსეთი მოახერხებს და შექმნის მართლმადიდებელი ეკლესიების საკუთარ „კლუბს“, რომლებიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო, მზად იქნებიან კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტონ.

ასეთი საფრთხე ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდეს. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რუსეთი რამდენად შეძლებს ბოლომდე გამოიყენოს პოლიტიკური, ფინანსური და პერსონალური ბერკეტები.

ასეთი ზეწოლა შეიძლება მოხდეს სერბეთზე, სადაც ეკლესიაში დიდი შიდა ბრძოლებია. პრორუსული პოზიციის მხარდაჭერა მოსალოდნელია ასევე ბულგარეთისგან, რომელსაც თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბულგარელების გამო, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დიდი პრობლემები აქვს. ანტიოქიის მხრიდანაც, ეს არის არაბული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მთავრობასთან ძალიან მჭიდროდ არის მიბმული.

თუ 3-4-მა ეკლესიამ დატოვა საერთო მართლმადადებლობა, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა, ტრავმა და მაშინ შეიძლება მსოფლიო პატრიარქი ბართლომე რაღაც ტიპის კომპრომისზე წავიდეს. სხვა მხრივ მანქანა უკვე დაძრულია, კონსტანტინოპოლის სინოდის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ეს არის წინასწარი მომზადება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემისთვის.

საქართველოს და რუსეთის პატრიარქები
საქართველოს და რუსეთის პატრიარქები

საქართველოს ეკლესია ცდილობდა ამ საკითხში ნეიტრალური ყოფილიყო, ვის სასარგებლოდ არის ჩვენს ეკლესიაში არსებული შიდა განწყობები, რუსეთის თუ კონსტანტინოპოლის?

საქართველოს ეკლესიაში სამღვდელოების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად კონსტანტინოპოლთან არის სქიზმაში, ის,რომ ჩვენი ეკლესია ამ სიტუაციაში აშკარა პრორუსული პოზიციით არ მოგვევლინა, რამდენიმე იერარქის დამსახურებაა"

საქართველოს ეკლესიაში ვითარება შემდეგია. სამღვდელოების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად კონსტანტინოპოლთან არის სქიზმაში, ბართლომეს საერთოდ მართლმადიდებელ იერარქად არ აღიარებენ და მისგან აბსოლუტურად გამიჯნულები არიან.

იგივე თბილისის სამღვდელოება, განსაკუთრებით „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და მათთან ასოცირებული სასულიერო პირების შემადგენლობა, დიდი ხანია ფაქტობრივ სქიზმაშია კონსტანტინოპოლთან. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი იკვებებიან იმ სააზროვნო სისტემით, რომელსაც რუსეთი აწვდის.

საქართველოს პატრიარქი ერთპიროვნულად უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. თუ ამ ჯგუფს ჩაუვარდა გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი და ისინი იქნებიან უმრავლესობაში, მაშინ საქართველოს ეკლესია ძალიან ადვილად აღმოჩნდება რუსეთის ეკლესიასთან თანაზიარებაში და ამით მსოფლიო მართლმადიდებლობასთან ყველა გზას გადაჭრის.

რაც შეეხება სიტუაციას იერარქების, ეპისკოპატის დონეზე. ჩემდა გასაკვირად, ბევრი ეპისკოპოსი შექმნილ სიტუაციას ძალიან პრაგმატულად უყურებს. ჩემი ვარაუდით, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესია ამ სიტუაციაში აშკარა პრორუსული პოზიციით არ მოგვევლინა, როგორც სხვა რამდენიმე ავტოკეფალური ეკლესია.

იგივე მეუფე იაკობი, მეუფე ზენონი, მეუფე გრიგოლი არიან ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ ამ ვითარებას, გააზრებული აქვთ ის ისტორიული ვითარება, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენი საბოლოო პოზიცია, სწორედ ამ მღვდელმთავრების მეშვეობით დაბალანსდა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი

ანუ, არის შანსი თუ რუსეთმა, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, უფრო გააძლიერა ზეწოლა საქართველოს ეკლესიაში მის მომხრეებზე, ამან შიდაეკლესიური დაპირისპირება განხეთქილებამდე მიიყვანოს?

ჩვენს სამღვდელოებაში ფაქტიურად, ასეთი განხეთქილება უკვე არსებობს. არიან სასულიერო პირები, რომლებიც საჯაროდ ლანძღავენ მსოფლიო პატრიარქს და მას „მსოფლიო აფერისტს“ უწოდებენ. ისინი დღემდე დაუსჯელნი არიან, საქართველოს საპატრიარქოს ასეთ გამოხდომებზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მართლმადიდებლობა საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში არის რაღაცა სოციო-პოლიტიკური კონსტრუქცია. მოძღვრების დონეზეც ეს არის გამყარებული უფრო პოლიტიკური მითებით, ვიდრე თეოლოგიური ტიპის საზრისებით"

გესმით ეს რას ნიშნავს? რომ ისინი კონსტანტინოპოლთან არიან სქიზმაში და ეს სქიზმა უკვე ნახევრად ლეგიტიმურია. თუ მათ იერარქია გადაწონეს, მაშინ, სქიზმა უკვე ღია გახდება და საქართველოს ეკლესია რუსულ "კლუბში" შევა.

ანუ, თუ რუსეთიდან გაგრძელდა ზეწოლა, ძალიან დიდი ალბათობა ამის არის. გაგახსენებთ, კრეტაზე, 2016 წლის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების კრებას. კრების წინ რუსეთის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოები მსჯელობდნენ უკრაინის საკითხზე, რუსეთის დაჟინებული თხოვნით, კრებიდან ეს საკითხი მოიხსნა. სანაცვლოდ, კონსტანტინოპოლმა მოითხოვა გარანტია, რომ რუსეთი და მასთან დაახლოებული საპატრიარქოები კრებაში მონაწილეობას მიიღებდნენ.

რუსეთმა უკრაინის საკითხი მოახსნევინა, შეთანხმება შედგა და შემდეგ ეს ყველაფერი ჩაშალა. კრეტაზე რუსეთის დელეგაცია მაინც არ წავიდა და ამასთან, სხვა ეკლესიები, მათ შორის საქართველოც არ გაუშვა. ჩვენი დელეგაცია მანამდე მიდიოდა, თანხმობა და წამსვლელთა სია უკვე გაგზავნილი იყო, მღვდელმთავრებს ჩემოდნებიც კი ჩალაგებული ჰქონდათ. ორი დღის შუალედში, რუსეთმა მოახერხა ის, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. მსგავსი სურათის განვითარება ძალიან ადვილი შესაძლებელია.

უბრალო სამღვდელოება კონსტანტინოპოლისგან გამიჯნულია, იმიტომ, რომ ჩვენთან მართლმადიდებლობა სწავლებით თეოლოგიურ დონეზე არ არის წარმოდგენილი. მართლმადიდებლობა საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში არის რაღაც სოციო-პოლიტიკური კონსტრუქცია. მოძღვრების დონეზეც ეს არის გამყარებული უფრო პოლიტიკური მითებით, ვიდრე თეოლოგიური ტიპის საზრისებით.

ახლა ყველაფერი ჩვენი ეკლესიის მაღალი იერარქიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ დაირღვა ეს ბალანსი და პრორუსი ძალა გადაწონის, ვიმეორებ, ადვილი შესაძლებელია, ჩვენ სქიზმაში აღმოვჩნდეთ. ეს ნიშნავს, რომ მოხდება საქართველოს ეკლესიის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან.

ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კონსტანტინოპოლი ბერკეტებს გამოიყენებს, მათ შორის, ერთ-ერთი, ალბათ, აფხაზეთის საკითხის სხვაგვარად გადაჭრა იქნება ან ემიგრანტული ეპარქიების გაუქმება.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ქმნის პრეცედენტს, რომელიც მომავალში, შესაძლებელია აფხაზეთთან მიმართებაში, ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის შეცვლისთვის იქნას გამოყენებული?

სიმართლის წვეთი ამ მოსაზრებაში რა თქმა უნდა არის. ჩვენ გვაქვს სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონი, სადაც საქართველოს ეკლესია ვერ შედის, კანონიკურ ძალაუფლებას ვერ ახორციელებს, იქ ეთნიკურად ქართველ ან ქართულენოვან მღდელმსახურთაგ აღარავინ დარჩა და სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია.

თუ დაჭირდა, რუსეთს „აფხაზეთის ეკლესიისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭება ფორმალურად შეუძლია. იგივე შეუძლია გააკეთოს კონსტანტონოპოლსაც"

ამ ფონზე, თუ დაჭირდა, რუსეთს „აფხაზეთის ეკლესიისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭება ფორმალურად, შეუძლია. იგივე შეუძლია გააკეთოს კონსტანტონოპოლსაც. ან, ერთსაც და მეორესაც შეუძლიათ გამოაცხადონ „ავტონომიურ ეკლესიად“ და ასე დაიქვემდებარონ.

თუმცა, ვინაიდან აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ არის აღიარებული, კონსტანტინოპოლს ალბათ, უფრო გაუჭირდება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. რუსეთი კი როგორც პოლიტიკური ნიშნით, ამ შემთხვევაშიც აღიარებს მხოლოდ თავად. ამ ეტაპზე, იქ მცხოვრებ საზოგადოებას მეტი არც სურს.

ასე, რომ საქართველოს ეკლესიის მხრიდან ნეიტრალიტეტი ამ საკითხში არ იყო წინდაუხედავი ნაბიჯი. ზედმეტი აქტიურობა არაფერს შეცლიდა და შეიძლება უფრო საზიანო ყოფილიყო. მაგრამ, შენარჩუნდება ნეიტრალიტეტი?

ამ შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი ნადმვილად არის მიღწევა, იმიტომ რომ კიდევ უარესი სცენარი შეიძლებოდა გათამაშებულიყო. მაგრამ, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის პოზიციონირება, რომ საჭირბოროტო საკითხებში ყოველთვის რუსეთის მხარეს იჭერს, ეს არის ზურგში დანის ჩაცემა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს დასავლური ტიპის სახელმწიფო გახდეს და იყოს ევროპული ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა.

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რომელსაც კონსტანტინოპოლმა ანათემა მოუხსნა
უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რომელსაც კონსტანტინოპოლმა ანათემა მოუხსნა

თუ არსებობდა აქამდე პრეცედენტი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, ასეთი გზით, შეიცვალა კანონიკური ტერიტორია? კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა 11 ოქტომბერს გააუქმა 1686 წლის სინოდური სიგელი, რომლის ძალითაც კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის პატრიარქს გადაექვემდებარა, ასევე მოუხსნა ანათემა უკრაინის თვითგამოცხადებული ეკლესიის პატრიარქ ფილარეტს...

უკრაინის ეკლესიის ისტორია არ არის ერთხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი, ძალიან ჩახლართულია. ამ ეკლესიის ბედზე ბევრმა ისტორიულმა ფაქტორმა იქონია გავლენა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველადვე, კიევმა ქრისტიანობა უშუალოდ ბიზანტიისგან და კონსტანტინოპოლისგან მიიღო, უშუალოდ პოლიტიკური ნიშნით.

ეს იყო პოლიტიკური ალიანსი. ისევე როგორც ქართულ რეალობაში, ქართლის სამეფო შევიდა ქრისტიანული ეკლესიების კლუბში და ამის შემდეგ, ქრისტიანობა ჩვენი სახელმწიფო რელიგია გახდა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო იქ. ეს ტერიტორია, თავიდანვე, კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებულ ეკლესიად, სამიტროპოლიტოდ ითვლებოდა.

მონღოლების დაპყრობითი ომების შემდეგ იქ მთლიანად შეიცვალა გეოგრაფიული ვითარება, ეს საეკლესიო ცენტრი კიევიდან ნელ-ნელა პერიფერიებში გავიდა და საბოლოოდ, მოსკოვში აღმოჩნდა. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს ყველაფერი ახსნადია, მაგრამ ცოტა უცნაურია, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის გადაფასება.

ეს გადაჯამება მოჰყვა შემდეგ ფაქტორებს: მაშინ არსებობდა კიევის რუსეთი, შემდეგ მეფის რუსეთი, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რუსეთის ფედერაცია. დღევანდელი რეალობით, ამ ტერიტორიაზე უკვე არის უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, თითქმის ჩამოყალიბებული ეთნოსით.

ისინი თავის თავს რუსებად აღარ აღიქვამენ. ამ განსხვავებებმა თავი იჩინა და ამ საუკუნეში ეს ორი ერი ერთმანეთს უკვე საკმაოდ დაშორდა. მეორეს მხრივ, უკრაინა ძალიან დიდი ტერიტორიაა, დიდი მოსახლეობით, იქ რამოდენიმე ათწლეულია არსებობს გახლეჩილი ეკლესია და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

ამ პრობლემის იგნორირება არამგონია კორექტული იყოს. თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ინიციატივა არის, რომ მართლმადიდებლობამ რაღაცნაირად საკუთარი თავის ახლიდან მანიფესტირება და იმ პრობლემების გადაჭრა მოახდინოს, რომლებიც ქრისტიანულ ეკლესიებში საუკუნეების მანძილზე არის დაგროვილი.

კიევის რუსის გაქრისტიანება, 988 წელი
კიევის რუსის გაქრისტიანება, 988 წელი

თუ გადავხედავთ, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე, რუსეთის მაღალი იერარქიის სასულიერო თუ საერო პირების გამოხმაურებებს, რუსულ მედიას, არის აბსოლუტური ისტერია, რატომ არის რუსეთის ეკლესიისთვის უკრაინა ასე მნიშვნელოვანი?

ისტორიული თვალსაზრისით, ქრისტიანობის ხაზი სწორედ კიევზე გადის. ეს იყო კიევის რუსთა ნათლობა, ეს კულტურული მეხსიერების თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობის და ისტორიის ადგილია.

მეორეს მხრივ, უკრაინის ამხელა ტერიტორიაზე არსებობს ძალიან ბევრი რუსული სამრევლო, ეს არის მრევლის ძალიან დიდი რაოდენობა, დაახლოებით 30-40 მილიონი ადამიანი. ამასთან, კიევშია ძალიან მნიშვნელოვანი კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც რუსული ქრისტიანობის ერთ-ერთ მთავარ კერად ითვლება.

ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, იქნება დარტყმა იმ პრორუსულ განწყობებზე, რომელიც უკრაინის შიგნით არსებობს. ახალი ტიპის გამოღვიძება იმ ეთნოსისა, რომელიც თვითგამორკვევის ახალ და ძალიან მწვავე ეტაპზეა"

ამ ყველაფერს ძალიან გამწვავებული პოლიტიკური რეალობაც ემატება. რუსეთი აცლის ტერიტორიებს უკრაინას იმ არგუმენტით, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები თავს რუსებად მიიჩნევენ და სურთ, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრება. ამის საპირისპიროდ, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებში უკრაინელობის იდენტობის გაძლიერებას ცდილობენ.

ამ კონტექსტში, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს რუსეთთან გამიჯვნის ახალი ტალღაა, საკუთარი თავის თვითმყოფად აღქმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ რუსეთი სხვაა და უკრაინა სხვა.

ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, იქნება დარტყმა იმ პრორუსულ განწყობებზე, რომელიც უკრაინის შიგნით არსებობს. ახალი ტიპის გამოღვიძება იმ ეთნოსისა, რომელიც თვითგამორკვევის ახალ და ძალიან მწვავე ეტაპზეა. რუსეთს ამიტომ არ უნდა, რომ ეს პრეცედენტი დაუშვას.

რუსეთის პატრიარქი და პრეზიდენტი
რუსეთის პატრიარქი და პრეზიდენტი

დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში, უკვე გაკეთდა პროგნოზი, რომ რუსეთმა ასეთი პრეცედენტის არდაშვების მიზნით, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომიც კი შეიძლება წამოიწყოს...

არ ვიცი, რამდენად წავა რუსეთი დიდ სამხედრო ოპერაციებზე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება მოახდინოს. ითამაშოს, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მრევლის განწყობებზე, რომ ისინი არ დათმობენ საკუთარ ტაძრებს, მაგალითად, იგივე კიევ-პეჩერის ლავრას, რომლის ნაწილიც დღემდე რუსეთის დაქვემდებარებაშია.

ამიტომ მცირე მასშტაბის შეტაკებებს შესაძლებელია ჰქონდეს ადგილი, რაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს საბაბად, იმ "რუსი მრევლის" დასახმარებლად, რომლებიც „ფაშისტი“ უკრაინელებისგან „იჩაგრება“.

კიევ-პეჩერის ლავრა
კიევ-პეჩერის ლავრა

რუსულ სახელმწიფო მედიაში უკვე ღიად ისმის მოწოდებები, რომ თუ ჩვენი თანამემამულეების დაცვის საბაბით, ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში შევედით, რატომ არ შეიძლება შევიდეთ კიევში, ჩვენი მორწმუნეების დაცვის მიზნით?

რა თქმა უნდა, თუ ეს არგუმენტი ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მითვისებისთვის საკმარისია და ამან რაღაც დონეზე იმუშავა, ლოგიკურია, რატომ არ უნდა იმუშაოს კიევთან მიმართებაში?!

რუსეთი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის დაცვის საბაბით, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოქალაქე ამბობს, რუსეთი უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი ქვეყანა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო „წონადი“ „არგუმენტია“, „უცხო ქვეყანაში“ „რელიგიური უმცირესობების“ „დაჩაგვრა“ თუ ეს გაფორმდება, როგორც რუსული ეკლესიის მრევლის „რელიგიური ჩაგვრა“ და „დევნა“.

წარმოიდგინეთ, სტამბოლში მჯდომმა, 1000 მრევლიანმა პატრიარქმა შეძლო და ამხელა ტერიტორია გამოსტაცა რუსეთს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხედრო დესტაბილიზაციას მიმართოს"

ეს არის სიტუაცია, როცა რუსეთმა რაღაც უნდა იღონოს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კრემლი საერთაშორისო დონეზე ყოველთვის ახერხებდა გამოძრომას. სხვადასხვა ქეისებში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, პასუხიმგებლობას გადაურჩა.

ეს ეკონომიკური და ფინანსური სანქციებიც მისთვის მომაკვდინებელი, ჯერჯერობით არ აღმოჩნდა, თითქოს არაფერი, მაგრამ უკრაინის დაკარგვა, ავტოკეფალიის მინიჭება, რუსეთისთვის ერთ-ერთი დიდი წაგებული საქმე იქნება, სადაც ბოლომდე რუსეთი ჩაფლავდა.

მოსკოვის ყოვლისშემძლეობის მითი შეირყევა თუ არ გატყდება. წარმოიდგინეთ, სტამბოლში მჯდომმა, 1000 მრევლიანმა პატრიარქმა შეძლო და ამხელა ტერიტორია გამოსტაცა რუსეთს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხედრო დესტაბილიზაციას მიმართოს.

უკრაინის სამი ძირითადი ქრისტიანული ეკლესიების ლოცვა კიევში
უკრაინის სამი ძირითადი ქრისტიანული ეკლესიების ლოცვა კიევში

თუ უკრაინამ მაინც მიიღო საეკლესიო დამოუკიდებლობა, რამდენად რთული იქნება, საკუთრივ შიგნით, ახალი ეკლესიის მშენებლობა, ვგულისხმობ, საეკლესიო ქონების, მრევლის გადანაწილებას, ერთი ეკლესიის სხეულში გაერთიანებას...

ეს მართლაც ურთულესი სიტუაციაა, უკრაინის ტერიტორიაზე ამჟამად არის მოსკოვის საპატრიარქო, არის კიევის საპატრიარქო, ორი ხაზით - ემიგრაციული ეკლესიით, რომელიც კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებული სამიტროპოლიტოს მემკვიდრეა და მეორე, თვითგამოცხადებული ეკლესია. არის კიდევ ერთი განაყოფი და იმ განაყოფის კიდევ ერთი პატარა განაყოფი. კიდევ არიან გრეკო კათოლიკები, რომელთა ნაწილს სურს მართლმადიდებლობას დაუბრუნდეს.

მოკლედ, ძალიან დიდი ქაოსია და ამის ფორმირება იქნება ძალიან რთული. უბრალოდ, აქ ხაზგასასმელია, რომ საეკლესიო დამოუკიდებლობა თავდაპირველად შეკრავს არა რუსეთის და უკრაინის ეკლესიების დაქვემდებარებაში მყოფ მრევლს, არამედ ჯერ გაძლიერება უშუალოდ, კიევის შიგნით მოხდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთულესი ამოცანაა, სხვადასხვა გამოკითხვებით, უკრაინაში მოსკოვის საპატრიაქოს სამღვდელოებისა და მრევლის 30%-ს პროუკრაინული განწყობები აქვთ და მზად არიან ახალ ეკლესიას შეუერთდნენ.

დიდი პრობლემები მოჰყვება საეკლესიო ქონების გადანაწილებას. ეს იქნება ძალიან დაძაბული და შრომატევადი პროცესი, ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების მოთოკვა, რაც რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე ძალიან ძნელი იქნება.

უკრაინელები კიევ-პეჩერის ლავრიდან რუსი სამღვდელოების გაძევებას ითხოვენ
უკრაინელები კიევ-პეჩერის ლავრიდან რუსი სამღვდელოების გაძევებას ითხოვენ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG