ზუსტად იმ დროს, როცა უკრაინელმა მორწმუნეებმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნა კიდევ ერთხელ გადასცეს, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, რუსეთის ეკლესიის „საგარეო მინისტრი“ მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის „პრინციპულ პოზიციას“ აცნობდა, რომ კონსტანტინოპოლის მხრიდან ასეთი დემარში „დიდ საეკლესიო განხეთქილებას“ გამოიწვევს.
ეს შეხვედრები სტამბოლში, ფანარაში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში და თბილისში, საქართველოს საპატრიარქოში, 4 ივნისს, თითქმის ერთდროულად გაიმართა.
რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ უკრაინის დამოუკიდებელი, ერთიანი, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ დაუშვას. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს, თითქმის 40 მილიონიან მრევლთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე მრავალმილიარდიანი ქონების დათმობაც მოუწევს. ასეთი პრეცედენტი კი რუსეთის ეკლესიის წიაღში სეპარატისტულ საეკლესიო განწყობებს კიდევ უფრო წაახალისებს.
რუსეთის პატრიარქი კირილე სატელიტების მობილიზებას და მოკავშირეების ძებნას ქრისტიანული სამყაროს 15-ვე მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიებს შორის ახორციელებს. (სპეცვიზიტებით იქაც ილარიონი ჩავიდა) პარადოქსია, მაგრამ ერთ-ერთი, ვისი იმედიც მოსკოვში აქვთ საქართველოს ეკლესიაა.
რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს და იქ ყოველივე ქართულს ანადგურებს, თუმცა რუსული ეკლესია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ფორმალურად, „კვლავაც“ საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად მიიჩნევს. თეოლოგი ლევან აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის საქართველოს ეკლესია რთულ მდგომარეობაში:
საქართველოს ეკლესია ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ აწყობს კანონიკური საზღვრების რადიკალური გადახედვა"ლევან აბაშიძე, თეოლოგი
„საქართველოს ეკლესია ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ აწყობს კანონიკური საზღვრების რადიკალური გადახედვა. თუ მსოფლიო პატრიარქმა, ანუ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ამ აღიარებას მხარი საქართველოს ეკლესიამაც დაუჭირა, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიასთან ღრმა კონფლიქტში შევდივართ. საპასუხოდ, დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქომ შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „ეკლესიების“ „ავტონომია“ თუ „ავტოკეფალია“ სცნოს, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ რთულ მდგომარეობაში.“
უკრაინა რუსეთისგან სრული საეკლესიო დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იბრძვის. კიევს ამის ისტორიული საფუძველი აქვს, 9-17 საუკენეებში კიევის სამიტროპოლიტო ავტონომიური საეკლესიო ერთეული იყო და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილეობდა.
1686 წლიდან, კიევის სამიტროპოლიტო უკვე მოსკოვის საპატრიაქროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი ამ ფაქტს დღემდე „საეკლესიო ანექსიად“ მიიჩნევს.
უკრაინის სამღვდელოებას ავტონომიის აღდგენისა და ავტოკეფალიის მოთხოვნის რამდენიმე მცდელობა 1918-21 წლებში ჰქონდა, „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ სწორედ მაშინ დაარსდა, თუმცა არც რუსეთის და არც კონტანტინოპოლის ეკლესიამ ახალი უკრაინული ეკლესია არ აღიარა.
საბჭოთა რეპრესიების პერიოდში (1920-40 წლები) „უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“ ტაძრები და ქონება ჩამოართვეს, მღვდლები დახვრიტეს, გადარჩენილები კი იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, ჯერ პოლონეთში, იქედან აშშ-სა და კანადაში. შესაბამისად, „ათეისტურ“ 1940-90 წლებში, უკრაინელთა სულიერებაზე უკვე რუსული ეგზარქატი, შემდგომში „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“ ზრუნავდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, 1992 წელს, „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია" ჩამოაყალიბა, თუმცა მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკაფელიის მინიჭებაზე ისევ კატეგორიული უარი თქვა. ახალი ეკლესია არც კონსტანტინოპოლმა სცნო.
დღეისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე სამი ეკლესია თანაარსებობს: არაკანონიკური „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, რომელსაც არავინ ცნობს; 1990 წელს, ემიგრაციიდან დაბრუნებული „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“, რომელიც კონსტანტინოპოლს ემორჩილება და „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, ფაქტობრივად, რუსეთის „მეხუთე კოლონა“ უკრაინის ტერიტორიაზე.
საქართველოს ეკლესიისგან ჩვენ ველით, რომ ის კანონიკურ ლოცვით-ევქარისტულ კავშირში შემოვა უკრაინის ეკლესიასთან, რომელიც მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს აუცილებლად მიიღებს.ფილარეტი, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი
„კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ფუძემდებელი 88 წლის პატრიარქი ფილარეტი ამბობს, რომ უკრაინის ერთიანი ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხში საქართველოს ეკლესიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია:
„საქართველოს ეკლესიისგან ჩვენ ველით, რომ ის კანონიკურ ლოცვით-ევქარისტულ კავშირში შემოვა უკრაინის ეკლესიასთან, რომელიც მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს აუცილებლად მიიღებს. ეს ჩვენი დიდი სურვილია, მაგრამ, კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილება პატრიარქ ილია მეორეზეა დამოკიდებული.“
უკრაინაში საეკლესიო დამოუკიდებლობის საკითხი 2018 წლის აპრილში გააქტიურდა, როცა პრეზიდენტმა პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭებისა და უკრაინის ეკლესიის გაერთიანებაში მხარდაჭერა ოფიციალურად სთხოვა.
პოროშენკო მსოფლიო პატრიარქს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენციაში ეწვია. სანამ ბართლომე პირველი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებოდა, მას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა და „ქრისტიანული სამყაროს ერთიანობის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
8 მაისს, უკრაინელებს ერთიანი, დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნისკენ სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა, კუჩმამ და იუშენკომაც მოუწოდეს. მოგვიანებით, მსოფლიო პატრიარქს უკრაინის რადამაც მიმართა.
საეკლესიო და საერო დიპლომატიური ნაბიჯების შემდეგ, უკრაინაში მოლოდინი გაჩნდა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე 30 მაისს იმსჯელებდა, თუმცა ასე არ მოხდა.
4 ივნისს, ესპანეთში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ბრძანა, რომ იგი ლოცულობს და ავტოკეფალიის ტომოსის მიღებას კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავზე, 28 ივლისს ელის. რამდენად რეალუარია ეს მოლოდინი ზუსტად არავინ იცის.
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიების დიფტიქში უფლებას აძლევს ერთპიროვნულად გამოსცეს ავტოკეფალიის ტომოსი, საკუთარი ხელმოწერით- „განჩინებულია“.
ამას კატორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო, რომლის აზრით კანონიკური საზღვრების გადასინჯვა მხოლოდ დედა-ეკლესიის და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების თანხმობით უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა, რუსებს არ სურთ აღიარონ რომ 1686 წლამდე, უკრაინის დედა ეკლესია სწორედ კონსტანტინოპოლი იყო.
რუსეთის ეკლესია უკრაინის დაკარგვას 1054 წლის დიდ სქიზმას ადარებს და ქრისტიანულ სამყაროს ახალი დიდი განხეთქილებით აშინებს. ეს გასაგებიცაა-რუსეთი ნამდვილად ძალიან ბევრს კარგავს.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ტერიტორიაზე 40 მილიონიანი მრევლის გარდა, სამი ლავრა (მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრის ნაწილი), 168 მონასტერი და 13 348 ტაძარი ეკუთვნის. შედარებისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს განმგებლობაში 2 ლავრა, 499 მონასტერი და 18042 ტაძარია. რუსული მართლმადიდებლობისთვის უკრაინაში მარცხი „მესამე რომის“ დაცემის ტოლფასია.
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები დიფტიქის მიხედვით
- კონსტანტინოპოლი, 2 ალექსანდრია, 3, ანტიოქია, 4 იერუსალიმი, 5. რუსეთი, 6. საქართველო, 7. სერბეთი, 8. რუმინეთი, 9. ბულგარეთი, 10. კვიპროსი, 11. ელადა, 12. ალბანეთი, 13. პოლონეთი, 14. ჩეხეთი-სლოვაკეთი, 15. აშშ