შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „უარს აცხადებენ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობის აღდგენაზე“, სანამ მოსკოვი არ გაიყვანს თავის ძალებს, არ შეწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლების მხარდაჭერას და არ დაუბრუნებს ყირიმზე კონტროლს უკრაინას“.
სახელმწიფო მდივანი, რომელიც თანამდებობაზე გუშინ დაამტკიცეს, დღეს ბრიუსელში ჩავიდა და ნატოს მინისტერიალს ესწრება. მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა და ნატოს გენერალურმა მიდვანმა ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ ეს ამერიკისგან ალიანსის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. თავად პომპეომაც აღნიშნა, რომ ფიცის დადებისთანავე „თვითმფრინავისკენ გაეშურა“, რათა პოსტზე დანიშვნიდან მეორე დღესვე ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო.
უკრაინის მხარდამჭერი ეს განცხადება-მოთხოვნა სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა გამოაქვეყნა „ტვიტერზე“. მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრების მთავარი საგანი არის რუსეთის საკითხი, რომელიც აგრძელებს აგრესულ ქმედებებს და აქვს შესაძლებლობა დააშინოს და დაასუსტოს მეზობელი სახელმწიფოები, შეიჭრას მათ ტერიტორიებზე.
ნაუერტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 22 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობაა. „რუსეთის მიერ მართულმა ძალებმა გააქტიურეს საარტილერიო თავდასხმები უკრაინელებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია და მთლიანად შეასრულოს მინსკის შეთანხმება“.
ნილ უოლკერმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმება ყოველ თვე დაახლოებით 40 000-ჯერ ირღვევა. "ცეცხლის შეწყვეტა რეალურად არ მომხდარა. ესაა აქტიური მწვავე კონფლიქტი, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს ადამიანთა ცხოვრებაზე", - განაცხადა ჰუმანიტარული მისიის ლიდერმა.
Facebook Forum