ფიცის დადებიდან მეორე დღესვე, ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე დასასწრებად გაემგზავრა. ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მან თქვა, რომ დამტკიცებისთანავე თვითმფრინავისკენ გაეშურა, რომ ბრიუსელში ჩასულიყო.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნატოელი მოკავშირეებისთვის საკმაოდ ძლიერი სიგნალი იყო: " ამისთვის კარგი მიზეზი გვქონდა. საქმე, რომელიც აქ კეთდება დღეს, არის ფასდაუდებელი და ჩვენი მიზნები არის მნიშვნელოვანი. ეს მისია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", აღნიშნა პომპეომ და დასძინა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ძალიან უნდოდა, რომ ის ამ შეხვედრაზე ჩასულიყო.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთი იქნება. სავარაუდოდ, პომპეოსა და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხი იქნება რუსეთის მიერ დასავლურ დემოკრატიებზე თავდასხმებისა და ასევე მოსკოვის კიბერ-თავდასხმებთან დაპირისპირების გზების ძიება. გარდა ამისა, განიხილავენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ მოსკოვის მხარდაჭერის საკითხს.
სტოლტენბერგმა და სხვა ნატოელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მინისტერიალზე ახალდამტკიცებული სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გენერალური მდივნის განცხადებით, ეს იყო ამერიკის მხრიდან ალიანსის მნიშვნელობის დადასტურება.
Facebook Forum