ხუთშაბათს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი და ნატოს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კურტის სკაპაროტი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს შეხვედრა სირიაზე შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და საფრანგეთის ერთობლივი საჰაერო თავდასხმიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ გაიმართა. თავდასხმის სამიზნე სირიის სამხედრო ბაზა იყო და ის მას შემდეგ განხორციელდა, რაც სავარაუდოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებმა ამბოხებულთა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
ცალცალკე გავრცელებულ განცხადებებში, ნატომ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ შეხვედრისას განხილული იყო სამხედრო წვრთნების საკითხი და ურთიერთბრალდებების საგანი - სამხედრო ქმედებები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სკაპაროტიმ და გერასიმოვმა, რომელიც დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეფასებით, რუსეთის სამხედრო და კიბეროპერაციებისა და დეზინფორმაციის კამპანიების მთავარი სტრატეგია, განიხილეს ნატოსა და რუსეთის სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებული ქმედებები ევროპის რეგიონში. რუსული მხარის განცხადებით, სამხედრო ლიდერებმა სირიაში მიმდინარე 7-წლიან სამოქალაქო ომზეც ისაუბრეს, სადაც რუსეთი და დასავლეთი დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.
ნატოს განცხადებით კი შეხვედრის მთავარი საკითხი სამხედრო ქმედებები და წვრთნები იყო, რათა შესაძლებელი გახდეს სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუკი დასავლეთი გააგრძელებს სირიაზე თავდასხმას, ეს საერთაშორისო საკითხებში ქაოსს გამოიწვევს.
ამ თვის დასაწყისში რუსეთმა საბრძოლო რაკეტები გამოსცადა ბალტიის ზღვაში, რამაც ლატვიისა და შევედეთის შეშფოთება გამოიწვია.
სკაპაროტისა და გერსიმოვის შეხვედრამდე ერთი წლის განმავლობაში დასავლეთისა და რუსეთის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლებს შორის იყო მცდელობა განახლებულიყო ფორმალური კომუნიკაციის არხები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაწყდა.
ნატოს განცხადების თანახმად, ორი გენერალი შეთანხმდა, რომ ისინი კომუნიკაციას მომავალშიც განაგრძობენ. გასულ წელს გერასიმოვს, ასევე ბაქოში, ამერიკელი გენერალი ჯოზეფ დანფორდიც შეხვდა.
Facebook Forum