უკრაინის პრეზიდენტი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს

ვოლოდიმირ ზელენსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსის დიაგნოზი კვირის დასაწყისში დაუდგინდა, თუმცა აქამდე ექიმებს მისი ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"თავდაპირველად ის სახლში იყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეოფანიაში (საავადმყოფო) წასულიყო, რათა სწორად მომხდარიყო მისი იზოლაცია და არავისთვის გადაედო ვირუსი", უთხრა სააგენტო "როიტერს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ასევე ნახეთ: ზელენსკის კოვიდ-19 დაუდასტურდა

პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე საუბრის დროს, მან აღნიშნა, რომ ზელენსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არაა, უბრალოდ, საავადმყოფოში ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება.

ორშაბათს, თავისი დიაგნოზის შესახებ, ინფორმაცია ზელენსკიმ გაავრცელა. მასთან ერთად ვირუსი აღმოაჩნდათ ფინანსთა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, ზელენსკის თანაშემწეს.

უკრაინაში კორონავირუსის მეორე ტალღა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და სტაბილურად მაღალი მონაცემები შენარჩუნდა ოქტომბერსა და ნოემბერშიც.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში კოვიდ 19-ით 1,2 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

ოთხშაბათს, ზელენსკის კაბინეტმა, ხმა მისცა უქმეებზე ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყეტილებას, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის უფრო მეტად გავრცელება.

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული 500,865 შემთხვევაა რეგისტრირებული. ქვეყანაში ამ დიაგნოზით 9,145 ადამიანია გარდაცვლილი.