ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში კოვიდ 19-ით 1,2 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი


კოვიდ-19-ის პანდემიას მსოფლიოში უკვე მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემებს ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრი ავრცელებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა დღეისათთვის 46,5 მილიონზე მეტია. ევროპის კონტინენტზე დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. ევროპა ახლა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. ბელგია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ახალ შეზღუდვებს აწესებენ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შეაფერხონ.

ტედროს გებრეიესუსმა, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" დირექტორმა კვირას განცხადა, რომ ის თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც ადამიანს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. გებრეიესუსი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომებიც არ აქვს, თუმცა კვლავ იზოლაციაში დარჩება და მუშაობას სახლიდან განაგრძობს. ის სხვებსაც მოუწოდებს, რომ ჯანდაცვის სპეციალისტების მითითებებსა და მოწოდებებს დაემორჩილონ, რადგან ესაა გზა, რომლითაც კოვიდ-19-ის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ჯანდაცვის სისტემების დაცვაა შესაძლებელი.

გლობალური პანდემიის მონაცემების მიხედვით, ყველაზე საიმედოდ ავსტრალიის რიცხვები გამოიყურება. შაბათს ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ბოლო 5 თვეში პირველი დღე იყო, როდესაც ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მანამდე შტატ ვიქტორიასა და დედაქალაქ მელბურნში ივნისის შემდეგ დღეში დაახლოებით 700 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ქვეყანაში გარდაცვლილი 907 ადამიანიდან 819 სწორედ ამ რეგიონში გარდაიცვალა. მკაცრი საკარანტინო ზომები 5-მილიონიან ქალაქში საბოლოოდ გასულ კვირას მოიხსნა.

XS
SM
MD
LG