რუსეთი უკრაინაზე იერიშს აგრძელებს

რუსეთმა უკრაინას გასულ ღამეს კიდევ ერთხელ შეუტია და უკრაინის მთავრობის განცხადებით, რამდენიმე ასაფეთქებელი დრონიც გამოიყენა. მოსკოვი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს.

რუსეთი სადღესასწაულო დღეებშიც აგრძელებდა მოქალაქეების წინააღმდეგ იერიშებს. ერთ-ერთ ასეთ იერიშს ახალი წლის წინა საღამოს 3 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ორშაბათს თქვა, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით ერთ ღამეში 40 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ყველა მათგანი განადგურდა. კლიჩკოს განმარტებით, 22 კიევის თავზე ჩამოაგდეს, 3 - კიევის რეგიონში, 15 კი - მეზობელ პროვინციებში.

იერიშისა და თანმდევი აფეთქების შედეგად, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დაზიანებულია ენერგო ინფრასტრუქტურაც, დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დედაქალაქს ელექტროენერგია კვლავ შეზღუდვებით მიეწოდება.

ასევე ნახეთ: 2022 წლის 5 მთავარი ამბავი

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას, ისევე როგორც წყლის მომარაგების სისტემებს, რუსეთი ოქტომბრიდან მოყოლებული, თითქმის ყოველკვირეულად უტევს. კიევის რეგიონის გუბერნატორ ოლექსი კულებას თქმით, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ენერგო-ტერორიზმში" ადანაშაულებს. საჰაერო თავდასხმებმა მილიონობით ადამიანი ყინვაში გათბობის გარეშე დატოვა. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ მოსკოვი ზამთარსაც იარაღად იყენებს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გატეხვას ცდილობს.

ორშაბათს ხერსონის რეგიონში დაბომბვისას 5 ადამიანი დაიჭრა. რუსული ძალები უტევენ ქალაქ ბერისლავსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ სავარაუდოდ ტანკიდან ადგილობრივ ბაზარს ესროლეს. დაჭრილთაგან 3 კრიტკულ მდგომარეობაშია და ხერსონიდან მათი ევაკუაცია გახდა საჭირო. 7 დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის რეგიონშიც, სამი კი დნიპროპეტროვსკის რეგიონში. აქვე კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. ადგილობრივი მთვრობის განმარტებით, მისი სამიზნეც ენერგეტიკული ობიექტი იყო.

ასევე ნახეთ: კიევის თქმით, რუსეთმა 24 საათში 85 სარაკეტო დარტყმა განახორციელა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ორშაბათის განცხადების თანახმად, გასული ღამის განმავლობაში, მათ 39 ირანული "შაჰიდის" დრონი და 2 რუსული წარმოების "ორლანის" დრონი, ასევე X-59 რაკეტა ჩამოაგდეს. ახალი წლის ღამეს, რუსეთის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იერიშებს, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინა დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად დახვეწილ დასავლურ იარაღს იყენებს. რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს კი არტილერიით უტევს.

ვლადიმირ პუტინმა, რომლის შეიარაღებულმა ძალებმაც უკრაინის არაერთ რეგიონში განიცადეს მარცხი, საახალწლო მიმართვაში მოსახლეობას უთხრა, რომ "2022 წელი რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების წელი იყო".