პარასკევს ღამით, რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, ირანული წარმოების შაჰიდის 16 დრონით იერიში მიიტანა, - აცხადებენ უკრაინელი ოფიციალური პირები. ეს მოსდევს, 29 დეკემბერს მოსკოვის მიერ განხორციელებულ ათობით სარაკეტო დარტმას, უკრაინული ქალაქების კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თქვა, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს. შვიდის სამიზნე კიევი იყო, სადაც დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.
რუსეთი ამბობს, რომ მისი მიზანია უკრაინის ბრძოლის უნარის შემცირება, ხოლო კიევში აცხადებენ, რომ თავდასხმებს არ აქვს სამხედრო სამიზნე და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას, რაც ომის დანაშაულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა სულ 85 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით კი, კრემლმა „მასიური შეტევა“ მიიტანა ენერგეტიკულ და სამხედრო ინდუსტრიულ ობიექტებზე, რათა შეზღუდოს უკრაინის მიერ ტექნიკის შეკეთების და ჯარების გადაადგილების უნარი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში თქვა, რომ თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული და მათი უმეტესობა მოიგერიეს.
უკრაინული ენერგო-ქსელის ოპერატორმა "უკრენერგომ" თქვა, რომ ზიანის აღდგენას მოახერხებენ.
„დაზიანება გაცილებით მცირედ აისახა ენერგოსისტემის მუშაობაზე, ვიდრე მტერი ელოდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კიევი აცხადებს, რომ ირანი მოსკოვს საჰაერო თავდასხმებისთვის დრონებით ამარაგებს. თეირანი ამას უარყოფს.
კირილო ტიმოშენკომ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პარასკევს განაცხადა, რომ სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ახალი დაბომბვის შედეგად ჩრდილოეთ ჩერნიჰოვის სასაზღვრო რეგიონში და აღმოსავლეთ, ხარკივის რეგიონში.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ძალებმა ასევე დაბომბეს 20 დასახლება აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის გარშემო, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და 25-ზე მეტი დასახლება ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში.
ოქტომბრიდან რუსეთი თითქმის ყოველკვირეულ მასობრივ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც მილიონობით ადამიანი, ზამთრის პირობებში, სითბოს ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
Facebook Forum