ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ჯარში წამყვანი სამხედრო პირების მიერ პოზიციების დატოვება სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიასთან და ნაბიჯებთან დაკავშირებით მათ უთანხმოებას უკავშირდება.
სამინისტროს განმარტებით, ლეიტენანტ გენერალი ივგენი ნიკიფოროვი სავარაუდოდ უკრაინაში "რუსეთის ძალების დასავლეთის ჯგუფს" ჩაუდგება სათავეში. ის უკვე სულ მცირე მეოთხე მეთაური იქნება, რომელიც ამ დანაყოფს 24 თებერვლის შემდეგ უხელმძღვანელებს. ის ამ პოზიციაზე პოლკოვნიკ გენერალ სერგეი კუზოვლევს ჩაანაცვლებს, რომელიც სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის აღმოსავლეთ ძალების მეთაურის მსგავსად, ნიკიფოროვი აქტიურად უნდ აყოფილიყო ჩართული თებერვლის შეჭრამდე კიევზე იერიშის დაგეგმვაში.
პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საჰაერო ძალების მეთაურებს მადლობა გადაუხადა რუსული იერიშების სათანადოდ მოგერიებისთვის. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა 54 რაკეტისა და 11 მოიერიშე დრონის ჩამოგდება მოახერხეს.