უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, კიევს სამშვიდობო სამიტის გამართვა თებერვლის ბოლოს სურს, რუსეთის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის წლისთავზე. უკრაინაში ფიქრობენ, რომ უმჯობესია სამშვიდობო მოლაპარაკება გაეროში, გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშის ჩართვით გაიმართოს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი კონგრესში: “უკრაინა ცოცხალია და იბრძვის”თუმცა, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება ამგვარ სამიტს, თუ ის ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება - ამბობს დმიტრო კულება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება სააგენტო "ასოშეიტედ პრესთან" 26 დეკემბერს გააკეთა.
კულება ამბობს, რომ უკრაინა ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ მან მომავალ წელს ომი გამარჯვებით დაასრულოს. ის დიპლომატიის მნიშვნელოვან როლსაც უსვამს ხაზს.
კულება "აბსოლუტურ კმაყოფილებას" გამოხატავს გასულ კვირას, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ვაშინგტონმა საგანგებო გეგმა მოამზადა იმისთვის, რომ უკრაინას ოპერატიულ მდგომარეობაში მოყვანილი "პატრიოტის" სარაკეტო სისტემა მიაწოდოს და ეს 6 თვეზე ნაკლებ დროში მოხდება. ჩვეულებრივ, მსგავსი შეიარაღების გამოსაყენებელ წვრთნას და მომზადებას წლამდე დრო ესაჭიროება.
ასევე ნახეთ: ჩერჩილი და ზელენსკი კონგრესში - 82 წლის ინტერვალით