100,000 რუსი სამხედრო რუსეთ-უკრაინის საზღვართან და კრემლის მუდმივი ნარატივი, რომ უკრაინის უკვე ოკუპირებული ტერიტორიები, სინამდვილეში რუსეთის ნაწილია და იქ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად არიან- ამ ფონზე დაიწყო ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ციკლი, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების განლაგების შესახებ. პირველი შეხვედრა 10 იანვარს შედგა.
„არ მგონია, რომ ახლა პასუხი ვიცი“,- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას შეხვედრიდან მალევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა, რომელიც რუსეთთან ამერიკის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს. შერმანი ამბობს, რომ საჭირო იქნება მეტი დიალოგი და მოლაპარაკება იმისთვის, რომ გასაგები გახდეს, მართლაც სურს, თუ არა რუსეთს დიალოგი და დიპლომატიის გზით არსებული მდგომარეობის განმუხტვა.
იმას, რასაც კრემლი საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნას უწოდებს, საფრთხედ, მუქარად და სავარაუდოდ ომის დაწყებად აღიქვამს დასავლეთი. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის დღის წესრიგში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები დომინირებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ კვლავ გაიმეორა, რომ ისინი მხოლოდ წვრთნებს ატარებენ.
ასევე ნახეთ: რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად არ უყურებსრა სურს რუსეთს, დასავლეთის შეშინება, თუ უკრაინის ნაწილ-ნაწილ დაპყრობა? ექსპერტები ვაშინგტონში თვლიან, რომ ორივე და კიდევ უფრო მეტიც- „პუტინს სურს, რომ რეჟიმი გადარჩეს ახლაც და მომავალშიც. მას სურს, რომ მსოფლიო დაბრუნდეს მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში“,- ამბობს ეველინ ფარკასი. თავდაცის საკითხების ექსპერტი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ევროპის, რუსეთისა და უკრაინის საკითხებზე მუშაობდა, ამბობს, რომ პუტინს უბრალოდ უკრაინის მიტაცება კი არ სურს, არამედ უნდა, რომ სრულიად ჩამოიშოროს დასავლეთი თავისი გზიდან და მშვიდად განაგრძოს ყოფილი საბჭოთა კავშირის გაერთიანება და შენება.
პუტინის სურვილი, აღადგინოს ის, რაც უკვე 30 წელია აღარ არსებობს დიდი ხანია დაფარული არ არის. გადამდგარი გენერალი უესლი კლარკი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის ნატოს მოკავშირეთა ძალების მეთაური იყო. ამბობს, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ინაუგურაციაზე , მაშინდელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „რუსეთი და უკრაინა მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ ძმები, რომ ისინი ერთმანეთის სულში არიან“. ეს ფრაზა მაშინ გენერალმა, როგორც თავად ამბობს, მუქარად აღიქვა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ომის დასრულებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებად მზადაარუსეთის „სულში მყოფი“ უკრაინის ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია კრემლი. ეს რუსულ მხარეს არასდროს დაუმალავს და ამერიკელი ტოპ დიპლომატის, ვენდი შერმანის განმარტებით, მოლაპარაკებების დროს, ერთ-ერთ მოთხოვნად ესეც წამოიჭრა. თუმცა, ამერიკა ამბობს, რომ არავის მისცემს უფლებას მოსთხოვოს დაუხუროს ნატოს ღია კარი სხვა ქვეყნებს და ასევე არ აპირებს ამ თემის განხილვას მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებს არ ესწრებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნებისა და თავად უკრაინის წარმომადგენლები.
ამ კვირაში ეს პირველი დიპლომატიური მოლაპარაკება იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუმცა კიდევ ორი შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. რუს დიპლომატებს უკრაინის საკითხზე საუბარი ნატოსა და ეუთოს მისიის წარმომადგენლებთანაც მოუწევთ.
დასავლეთის ასეთ სტრატეგიას- ცალ-ცალკე აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთთან, წამგებიანად მიიჩნევს ჰარლან ალმანი, ყოფილი საზღვაო ოფიცერი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მრჩეველი. ალმანი თვლის, რომ პუტინი ამ მოლაპარაკებებში უკვე დაწინაურებულია, ვინაიდან „რუსეთიდან მხრიდან ის არის მოლაპარაკებებზე პასუხისგებელი. ვინ უდგას თავში დასავლეთიდან ამ მოლაპარაკებებს, ამერიკა, ნატო თუ ევროკავშირი? ჩვენ ძალების გაერთიანება გვჭირდება“.
ასევე ნახეთ: იან კელი: "საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს"ალმანი თვლის, რომ ერთიანი დასავლეთი და ნატოს გაფართოებაზე ღია და აქტიური საუბარი იქნება ის გზა, რომლითაც რუსეთი ამ მოლაპარაკებებში უნდა დამარცხდეს. სხვა მხრივ, კვლავ იგივე სურათს მივიღებთ და გაგრძელდება ის, რომ „პუტინი უკრაინას იყენებს იარაღად დასავლეთზე ზეწოლისთვის“.
უკრაინა, რომ არა მხოლოდ მიზანი, არამედ ძლიერი იარაღიცაა პუტინის ხელში, ამას გადამდგარი გენერალი, უესლი კლარკიც ადასტურებს. „უკრაინა [კრივის] დასარტყამი ტომარასავითაა. შენ [რუსეთს] ირგვლივ გყავს მომავალი ოპონენტების დიდი აუდიტორია და მათ კი არ ებრძვი, არამედ - დასარტყამ ტომარას. გამუდმებით ურტყამ მას და ყველას აჩვენებ, როგორი ძლევამოსილი ხარ. ყველა გიყურებს და ამბობს, რომ არ უნდათ შენთან რინგზე დგომა. ასე უყურებს ის [პუტინი] სიტუაციას“,- ამბობს ყოფილი გენერალი.
გამოუვა თუ არა ოპონენტების შეშინება პუტინს, ამის განსაზღვრა ადრეა. თუმცა, დასავლეთს რომ მოლაპარაკებების არჩევით სწორი გზა აქვს არჩეული, ამაში დარწმუნებულია ეველინ ფარკასი. „მოლაპარაკება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ომი, ვინაიდან ნებისმიერ დღეს შეიძლება, რომ შედეგზე გახვიდე“, ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ ფარკასი რუსეთის ქმედებებს „გლობალურ საფრთხედ“ მიიჩნევს, ის თვლის, რომ ამ ეტაპზე დიპლომატიის გზა საუკეთესო არჩევანია.
ასევე ნახეთ: მოლაპარაკებები დასავლეთსა და რუსეთს შორის - რა დევს სასწორზე?თუმცა, ექსპერტები ვაშინგტონში შიშობენ, რომ ნებისმიერი არასასურველი შედეგის დანახვის დროს, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას დიალოგზე და აგრესიული ქმედებები განაგრძოს. ამიტომ „ ამერიკამ უნდა აჩვენოს რუსეთს, რამდენად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის დასავლეთის პასუხი, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“,- ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი და უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი.
მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, ვაშინგტონში ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დასავლეთი დიპლომატიის გზით მიაღწევს სასურველ შედეგს და ბაიდენის ადმინისტრაციას, ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, გეგმის სახით სთავაზობენ, რომ: შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის დასაცავად; მკაფიოდ ისაუბრონ ნატოს გაფართოების შესახებ, არ დათანხმდნენ ნატოს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოების შეწყვეტაზე და მკაფიოდ აგრძნობინონ პუტინის რეჟიმს იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც მის აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება.