უკრაინა მოკავშირეებთან ერთად ზამთრისთვის მზადებას იწყებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა საომარ პირობებში ზამთრისთვის. როგორც წესი, რუსეთი ზამთრის სეზონის დროს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას ბომბავს, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვოს.

ვირტუალური შეხვედრის დროს "უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის" წევრი 50 ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ წარმოებულ ომს განიხილავენ. სხდომის თავმჯდომარე დღეს, 22 ნოემბერს, ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იქნება.

"ფოკუსი ზამთრისთვის მზადებაზე იქნება - საჰაერო და საარტილერიო მომზადებასა და შეიარაღებაზე. თუმცა საჭიროებები ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, რას მოითხოვენ ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან და ეს მონაცემები მუდმივად ახლდება", - თქვა ილარიონ პავლიუკმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

გასულ ზამთარს, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებითა და დრონებით ბომბავდა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია სამოქალაქო სექტორში.

შეხვედრამდე ოსტინი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდნენ და ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გააკეთეს კომენტარები.

გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ორი ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი ქვეყანაა. თუმცა, ბოლო დროს გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გადაიღალნენ ეს ქვეყნები ომის დროს უკრაინის დახმარებით. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც, შეძლებს თუ არა ის ისრაელისა და უკრაინის ერთდროულად დახმარებას. თუმცა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ თქვა, რომ ისინი ორივე მოკავშირე ქვეყანას დაეხმარებიან იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.