ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ამბობს, რომ რუსეთმა ავდიივკაზე იერიშები შეამცირა


უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა უკრაინულ ქალაქ ავდიივკაზე საჰაერო იერიშები შეამცირა და ამ მიმართულებით სულ უფრო ცოტა ჯარისკაცსა და უფრო მცირე შეიარაღებას გზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ოლექსანდრ შტუპუნი განმარტავს, რომ მიუხედავად იერიშების შემცირებისა, რუსეთის ჯარი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენას აგრძელებს.

„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შეამცირეს სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების რაოდენობა, თუმცა ისინი კვლავ არღვევენ ომის წესებს ექიმების გუნდებსა თუ საევაკუაციო მანქანებზე დამიზნებითი სროლის კუთხით“, - ამბობს შტუპუნი.

ავდიივკა უკრაინული ქალაქია და ის განიხილება როგორც დონეცკის რეგიონის კარიბჭე, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ ქალაქის აღება რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ქალაქთან მძიმე შეტაკებები პერიოდულად ახლდებოდა და ბოლო ერთი თვის განმავლობაშიც მიმდინარეობდა. ვითარება უკრაინულ ქალაქში მძიმეა, ომის დაწყებამდე თუ აქ 32 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კიევის მონაცემებით, ქალაქში 1500-მდე ადამიანია დარჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ავდიივკაზე იერიშები შემცირდა, კიევი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი უცვლელი რჩება. „დამპყრობლები უარს არ ამბობენ ავდიივკის ალყაში მოქცევის გეგმაზე. დღეს 8 თავდასხმა მოვიგერიეთ“,- ამბობს სამხედრო სპიკერი შტუპუნი.

ქალაქ ავდიივკის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მოგვიანებით უკრაინამ ქალაქზე კონტროლი აღადგინა. იერიშები აღმოსავლეთ უკრაინულ ქალაქზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაძლიერდა, თუმცა კიევი ამბობს, რომ მისი პოზიციები ქალაქის გარშემო მყარია. ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ ამ დროისთვის ბრძოლა ქალაქთან ინდუსტრიულ ოლქში მიმდინარეობს.

„მტერი აგრძელებს ჩვენს ბიჭებზე ზეწოლას. მთავარი აქცენტი დრონებზე კეთდება“, - ამბობს ბარაბაში. ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ მარიინკაშიც, კიევი ამბობს, რომ ქალაქი თითქმის სრულად განადგურებულია და რუსეთის იერიშები იზრდება.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში თითქმის 21 თვის წინ დაიწყო, კიევი ამბობს, რომ ამ პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ნახევრის დეოკუპაცია შეძლეს. უკრაინის კონტრშეტევა ნელი ტემპით, თუმცა კვლავ მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG