ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა, რომ შესაძლოა "ჰამასთან" შეთანხმება მალე შედგეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
"პროგრესი გვაქვს. არ მგონია, რომ ახლა ზედმეტის თქმა კარგი იდეაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგი ახალი ამბავი მალე გვექნება", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ტყვეების გათავისუფლებაზე ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. მისი თქმით 200 ადამიანის გათავისუფლება მალე მოხდება. "ჩემი გუნდი დედაქალაქებს შორის მოძრაობს. ახლა ძალიან, ძალიან ახლოს ვართ ტყვეების სახლში დაბრუნებასთან",- განაცხადა ბაიდენმა. ნეთანიაჰუს მსგავსად დამატებითი დეტალები არც ბაიდენს გაუსაჯაროვებია.
ცოტა ხნით ადრე, დაჯგუფება "ჰამასის" მეთაურმა თქვა, რომ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა "მოახლოებულია". "ჰამასის" წარმომადგენლებმა ეს გზავნილი ყატარელი შუამავლებით გაავრცელეს.
გამოცემა "როიტერის" წყარო, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს იცობს, ამბობს, რომ შეთანხმება ბოლო ეტაპებზეა და ის "ისე ახლოსაა, რამდენადაც არასდროს ყოფილა". ამავე წყაროს ცნობით, შეთანხმების პირობებად განიხილება "ჰამასის" მიერ დატყვევებული 50-მდე მძევლის გათავისუფლება, ისრაელის მხრიდან კი დაკავებული ქალებისა და მცირეწლოვნების გათავისუფლება, ასევე, რამდენიმედღიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებებისგან.
"ჰამასის" ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" უთხრა, რომ მოლაპარაკებები ახლა იმაზეა ფოკუსირებული, თუ რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ეს მშვიდობიანი პერიოდი, როგორ უნდა მიეწოდოს დახმარება ღაზას და როგორ გაცვალონ ტყვეები.
ორივე მხარე თანხმდება, რომ ქალებს და ბავშვებს გაათავისუფლებენ. დეტალებს ამის შესახებ ყატარი გაასაჯაროებს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება. "ჰამასსა" და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად სწორედ ყატარი შუამავლობს.
ისრაელი, როგორც წესი, მოლაპარაკებებზე საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ქვეყნის "მე-12" და "მე-13 არხებმმა" დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებები შესაძლოა რამდენიმე საათშიც კი დასრულდეს.
"ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმისას, 7 ოქტომბერს დაახლოებით 240 მძევალი აიყვანა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები და ამ თავდასხმისას 1 400-მდე ადამიანი დახოცა.