ხუთშაბათს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში თერმობარული (ვაკუუმური) იარაღი განალაგა და ლონდონი შეშფოთებულია იმით, თუ მას რამდენად ფართოდ გამოიყენებენ.
„რამდენად შორს წავა [პუტინი] თავისი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რომელი იარაღის გამოყენების ნებართვას გასცემს, უცნობია, მაგრამ ვნახეთ არტილერიის მასიური რაოდენობით გამოყენება. ვნახეთ თერმობარული (ვაკუუმური) საარტილერიო სისტემები და ვშიშობთ, რამდენად ფართოდ შეიძლება ის გამოიყენონ“, თქვა უოლესმა ესტონეთში ვიზიტისას.
ასევე ნახეთ: უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის ხაზი რუსეთის შეტევებს იგერიებსთერმობარული (ვაკუუმური) იარაღი ისეთი ტიპის ფეთქებადი მასალაა, რომელიც ძლიერი, მაღალი ტემპერატურის აფეთქებას, გარემოში არსებული ჟანგბადის გამოყენებით აღწევს. ასეთი ფეთქებადი მასალით შექმნილი დარტყმითი ტალღა, ჩვეულებრივი მასალით გამოწვეულ დარტყმით ტალღასთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივია.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ 2000 წლის 1 თებერვლის ანგარიშში მოყვანილია ამონარიდი თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს კვლევიდან, რომელშიც ნათქვამია: „ცოცხალი სამიზნეების წინააღმდეგ (აფეთქების) გამანადგურებელი მექანიზმი უნიკალური და არასასიამოვნოა... რაც კლავს, ეს წნევის ტალღაა და უფრო მნიშვნელოვანი კი მომდევნო ვაკუუმი, რომელიც ფილტვებს ხეთქავს... თუ საწვავი სწრაფად დაიწვება და დეტონაცია არ მოხდება, მსხვერპლი მძიმე დამწვრობას მიიღებს და ასევე აალებულ საწვავს ჩაისუნთქავს. იმის გამო, რომ ყველაზე გავრცელებული საწვავი, ეთილენის ოქსიდი და პროპილენის ოქსიდი უაღრესად ტოქსიკურია, არადეტონირებული ფეთქებადი მასალის ღრუბელში მოხვედრა ცოცხალი ძალისთვის ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც ქიმიური აგენტების უმეტესობა“.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს სხვა კვლევის თანახმად, „დახურულ სივრცეში აფეთქების შედეგი უზარმაზარია. აალების წერტილთან ახლოს მყოფები სრულიად ნადგურდებიან. მოშორებით მყოფნი, სავარაუდოდ ბევრ შინაგან და შესაბამისად უხილავ დაზიანებას მიიღებენ, მათ შორის: ყურის დაფის აპკის გახეთქვას, შიდა ყურის ორგანოების მსხვრევას, ტვინის მძიმე შერყევებს, ფილტვების და შინაგანი ორგანოების დახეთქვას და სავარაუდო სიბრმავეს.“
თავდაცვის დაზვერვის კიდევ ერთ დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „დარტყმა და წნევის ტალღა ტვინის ქსოვილს მინიმალურ ზიანს აყენებს... შესაძლებელია, რომ აფეთქების შედეგად მსხვერპლმა გონება არ დაკარგოს, მაგრამ ამის ნაცვლად, გაგუდვის რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში ტანჯვა განიცადოს.“
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინული არმია რუსეთის თავდასხმას წარმატებით იგერიებს, თუმცა მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა და სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას ბომბავს. რუსული რაკეტები მანამდე კიევის ტელეანძას ესროლეს. სარაკეტო თავდასხმა მოხდა ქალაქ ხარკოვზე, სადაც სამიზნე სამოქალაქო ობიექტი იყო. უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში არის მსხვერპლი, მათ შორის არიან ბავშვები.