ბრიტანეთში ციხიდან გაქცეულ ტერორისტს ეძებენ

გაერთიანებულ სამეფოში პოლიცია 21 წლის დენიელ აბედ ხალიფს ეძებს. ის ტერორიზმშია ბრალდებული და ციხიდან ოთხშაბათს გაიქცა. არსებული ინფორმაციით, ხალიფმა ჯერ ციხის სამზარეულოში შეაღწია, შემდეგ კი სავარაუდოდ სატვირთო ავტომობილში დაიმალა და „ვანდფორდის ტერიტორია ასე დატოვა".

დენიელ აბედ ხალიფი, ყოფილი სამხედროა და მას ახლა დიდი ბრიტანეთის პოლიცია ყველგან ეძებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კონტროლია გამკაცრებული გზებზე, აეროპორტებსა და პორტებში.

პარასკევს ლონდონის ერთ-ერთ პარკში კი სპეცოპერაციაც მოეწყო, რომელშიც კონტრტერორისტული დანაყოფის 150 ოფიცერი მონაწილეობდა. ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც. ლონდონის პოლიცია განმარტავს, რომ დენიელ აბედ ხალიფის დაკავება შესაძლოა გართულდეს, რადგან მას სამხედრო გამოცდილება აქვს.

ლონდონის პოლიციის უფროსი მარკ როული რადიო მედიასთან საუბრის დროს ამბობს, რომ ხალიფის ციხიდან გაქცევა „აშკარად წინასწარ დაგეგმილი იყო“. მისი თქმით, ახლა დეტალების დაზუსტება ხდება და მიმდინარეობს გამოძიება.

„საკითხავია, ეხმარებოდა თუ არა მას ციხის შიგნით ვინმე, პატიმარი, კორუმპირებული თანამშრომლები, თუ არა“ - ამბობს როული. ლონდონის პოლიციის უფროსი არც იმას გამორიცხავს, რომ 21 წლის ხალიფს ციხიდან გაცევაში ციხის გარეთ მყოფი ძალებიც დახმარებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გამოძიებას კვირის ბოლომდე ექნება წინასწარი შედეგები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო პატიმარმა ციხის დატოვება და სად შეიძლება ის იმყოფებოდეს ახლა.

ხალიფი მაისში დაითხოვეს ბრიტანული არმიიდან. მას ბრალად ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ედება, რომელიც შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო იმ პირთათვის, რომლებიც ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს. 21 წლის ხალიფს ასევე ბრალად ედება ინფორმაციის მითვისება, რომელიც „პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იყო მტრისთვის“. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ ხალიფს ბრალი ირანისთვის ინფორმაციის შეგროვებაში ედება.