ბრიტანეთი საკამათო საიმიგრაციო კანონპროექტს იღებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკის საკამათო გეგმა, თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში გაგზავნა გაამარტივოს, სავარაუდოდ კანონი გახდება.

მიგრაციის შესახებ კანონპროექტი თემთა და ლორდთა პალატებს შორის დაპირისპირების საგნად იქცა. მთავრობამ პარლამენტის ზედა პალატის მიერ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მცდელობები დაძლია. ახლა მას სამეფო სანქციისთვის გაგზავნიან. მეფე მას ფორმალურად დაამტკიცებს და კანონპროექტი კანონად იქცევა.

ასევე ნახეთ: საფრანგეთი და ბრიტანეთი მიგრაციის საკითხზე შეთანხმდნენ

თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის გეგმას ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი, ადვოკატი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი აკრიტიკებდა როგორც არაადამიანურ, სასტიკ და არაეფექტურ ქმედებას.

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძრვანელმა ვოლკერ ტურკმა თქვა, რომ კანონის მიღება „ძალიან სერიოზულ იურიდიულ შეშფოთებას“ იწვევს და აყალიბებს „თავშესაფართან დაკავშირებული ვალდებულებების მოშლის შემაშფოთებელ პრეცედენტს“, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის მიბაძვის მაგალითი გახდეს.

თუმცა, რუანდის მიმართულებით სადეპორტაციო ფრენები სავარაუდოდ მომავალ წლამდე არ დაიწყება და დამოკიდებული იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მის კანონიერებას წლის ბოლოს განიხილავს.

ახალი კანონმდებლობის მიზანია შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა მიერ, საფრანგეთიდან სრუტის საშიში გადმოცურვა, რასაც ხშირად არასაიმედო ნავებით ცდილობენ.

კანონი შეზღუდავს ბრიტანეთში თავშესაფრის მოთხოვნას უმეტესი მიგრანტისთვის და მათ ან საკუთარ ქვეყანაში ან ე.წ. უსაფრთხო ქვეყანაში, როგორადაც რუანდა მიიჩნევა, დააბრუნებს.