ბრიტანეთი საფრანგეთს სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 480 მილიონ ფუნტ სტერლინგს (577 მილიონ დოლარს) გადაუხდის, რათა სცადოს შეაჩეროს მიგრანტები, რომლებიც ლა-მანშის სრუტეს პატარა ნავებით კვეთენ. ეს თანხა მათ აგრეთვე დაეხმარება პატრულირების გაძლიერების დაფინანსებაში, დრონების და საფრანგეთის ტერიტორიაზე დაკავების ცენტრის გამოყენებაში.
უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც „ბრექსიტის“ გამო წლების განმავლობაში მიმდინარე დავების შემდეგ შედგა, ქვეყნებს შორის კავშირების აღსადგენადაა გამიზნული. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანეთის პრემიერ რიში სუნაკს ღიმილით შეხვდა. ერთმანეთის მხარზე ხელის დაკვრის შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
ოქტომბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ, სუნაკმა მიგრანტების პატარა ნავების შეჩერება პრიორიტეტად დაისახა. გასულ წელს, ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე გადასულ მიგრანტთა რიცხვმა 45 000-ზე მეტს მიაღწია, რაც წინა ორ წელთან შედარებით 500-პროცენტიანი ზრდა იყო.
სუნაკმა ბრიტანეთის პარლამენტს განსახილველად ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც პატარა ნავებით გადმოსულებს თავშესაფრის თხოვნას აუკრძალავს. მაგრამ, მას ამისთვის ფრანგებთან თანამშრომლობა სჭირდება, რათა მათ ნავებს გზა გადაუჭრან და დაამსხვრიონ ადამიანთა ტრეფიკინგის სქემები, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტთა ნაკადების უკან დგას.
ბრიტანული დაფინანსების პაკეტი ნაწილებად გაიცემა და 2023-24 წლებში, ბრიტანეთი 125 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ საფრანგეთის წვლილი მნიშვნელოვნად მეტი იქნება.