ვაშინგტონმა და კიევმა სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას მოაწერეს ხელი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას მოაქერეს ხელი. ხელშეკრულება ორი ქვეყნის ურთიერთობას და საერთო ფასეულობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ეს დოკუმენტი გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის მიმართულებით. მათ შორის - ენერგეტიკის სფეროშიც.

ასევე ნახეთ: კიევმა საზღვარზე მოსკოვთან დაძაბულობს ფონზე, თავდაცვის მინისტრი შეცვალა

ქარტიაში უკრაინის ენერგოუსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამერიკის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში, ეკონომიკის სექტორიდან მავნე გამონაბოლქვის შემცირებას და ენერგომიმართულების დერეგულირებას. ამასთან, ამერიკა ხაზს უსვამს, რომ მისი განზრახვაა არ მისცეს კრემლს შესაძლებლობა, რომ ენერგია გეოპოლიტიკურ იარაღად იყოს გამოყენებული.

ამერიკა ასევე პირობას დებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას რუსეთის ფიზიკურ სამხედრო აგრესიასა და კიბერთავდასხმებთან გამკლავებაში, მათ შორის რუსეთზე სანქციების შენარჩუნებითა და სხვა საჭირო ღონისძიებების მეშვეობით.

თავდაცვის მიმართულებით კი ქარტიაში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას მაქსიმალურად გაზარდოს მისი, როგორც ნატოს "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" როლი და დაეხმარება ქვეყანას, რომ მისი ძალები შეესაბამებოდეს, როგორც მის სურვილს - თავად, გარე ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს მომავალი საგარეო პოლიტიკა, ისე ქვეყნის მისწრაფებებს - გახდეს ნატოს წევრი.

ასევე ნახეთ: სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს

ქარტიის წინა ტექსტი 2008 წლის დეკემბერში იყო ხელმოწერილი. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, ან საჭიროების შემთხვევაში, უფრო ადრეც განაახლებდნენ.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა კი ვაშინგტონში ვიზიტისას ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი დაზვერვის ინფორმაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაზიარება, არსებითად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის.