უკრაინის პარლამენტმა, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნომინირებულ ოლექსი რეზნიკოვის კანდიდატურას უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
55 წლის ყოფილი იურისტი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე, რეზნიკოვი, ანდრიი ტარანს ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ კვირას გადადგა, მას შემდეგ რაც ის მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს, თავდაცვის სფეროში რეფორმების ნაკლებობის გამო.
ახალი თავდაცვის მინისტრი პოსტს იმ ფონზე დაიკავებს, როცა რუსეთს ქვეყნის საზღვარზე, სამხედრო წვრთნების შემდეგ 90,000 სამხედრო ჰყავს განთავსებული.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსული დანაყოფების გადაადგილება „მნიშვნელოვანია“, მაგრამ არა „ზედმეტად აგრესიული“. აღნიშნული განცხადება, გაერთიანებული გენშტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ გააკეთა. „ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს ჩვენი სრული შესაძლებლობებით“, - აღნიშნა მან.
გასულ აპრილს, ამერიკელი ოფიციალური პირები, გამოთქვამდნენ შეშფოთებას, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 150,000 სამხედრო გადაისროლა. ეს ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის საზღვარზე ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზება იყო.
Facebook Forum