ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჯარისკაცის ოჯახი თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა


20 წლის ეგორ ვორონკინი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცი, მურმანსკის რეგიონის დასახლება პეჩენგაში განლაგებულ სამხედრო ნაწილში გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, ქალაქ სევერომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თვეების განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის იბრძოდა. 5 ოქტომბერს, ვორონკინი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სამხედრო უწყების წინასწარი დასკვნით, ვორონკინი ეთილენ გლიკოლით მოწამვლით გარდაიცვალა, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით, ჰიდრავლიკური სითხის დალევით მიიღო.

ვორონკინის ოჯახი ასეთ განმარტებას გადაჭრით უარყოფს. ოჯახი ამბობს, რომ ჯარისკაცი სამხედრო სამსახურის დასრულებას და მეგობარ გოგონასთან ერთად მოსკოვში გადასვლას გეგმავდა.

მეგობარი გოგონას დედამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ვორონკინი თავის მეგობარ გოგონას თითქმის ყოველდღე ურეკავდა. ბოლო დროს, სამხედრო ნაწილში ცდილობდნენ ჯარისკაცი დაერწმუნებინათ, რომ კონტრაქტით სამსახურზე ხელი მოეწერა, თუმცა ის ამბობდა, რომ ამის სურვილი არ ჰქონდა, ხელფასი მხოლოდ 40 ათასი რუბლი (570 დოლარი) იყო და გარშემო “ყველა სვამდა”.

ეს ტრაგედია კიდევ ერთი ლაქაა პეჩენგას სამხედრო ბაზის საეჭვო რეპუტაციისთვის, სადაც მე-200 მოტომსროლელი ბრიგადაა განლაგებული. ეს ბაზა რუსეთ-ნორვეგიის საზღვრიდან სულ 11 კილომეტრითაა დაშორებული.

2020 წლის თებერვალში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ ბაზაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ერთმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა, ერთი - დაუზუსტებელი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა და მესამეს სამხედრო ავტომანქანამ გადაუარა, რომელსაც მთვრალი ოფიცერი მართავდა. ერთ თვეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ კი ხუთი ჯარისკაცი დაშავდა აფეთქების დროს, რომელიც საწვრთნელი სროლების დროს მოხდა.

2014 წელს, 19 წლის ჯარისკაცი ანატოლი ნოვიკოვი გარდაცვლილი აღმოაჩინეს წერილის გვერდით, რომელიც, როგორც გამოაცხადეს, გარდაცვლილმა თვითმკვლელობის წინ დაწერა და ოჯახს სთხოვდა მის სიკვდილში არავინ დაედანაშაულებინათ. ჯარისკაცის ოჯახმა ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი შეიტანა, ხელნაწერის ანალიზი მოახდინა და აღმოჩნდა, რომ წერილი სხვა ჯარისკაცმა, ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დაწერა. იმ ოფიცერს მხოლოდ საყვედური აკმარეს.

რუსეთის სამხედრო უწყება სულ უფრო გაუმჭვირვალე ხდება. 1 ოქტომბერს, ფედერალური უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა დიდი სია, რომელშიც ჩამოთვლილია თემები, რომელთა კვლევის ან ამ თემებზე წერის შედეგად, ადამიანები და ორგანიზაციები “უცხოეთის აგენტად გამოცხადდებიან. ამ სიაში ჩართულია სამხედრო ძალებში მომხდარი დანაშაულების გამოძიება და “შეიარაღებულ ძალებში მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის და კანონთან შესაბამისობაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია”.

სიის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე დღეში, ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “პეტერბურგის ჯარისკაცების დედები” გამოაცხადა, რომ “ეფ ეს ბეს” სიის “სერიოზული შეზღუდვების” გამო, ჯარისკაცების დამცავ საქმიანობას წყვეტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG