"კიევ პოსტი" - უკრაინის უდიდესი, დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი გამოცემა, თითქმის 25-წლიანი ისტორიით, ფუნქციონირებას წყვეტს. მიზეზი მფლობელსა და ჟურნალისტებს შორის არსებული უთანხმოებაა.
ადნან კივანმა, "კიევ პოსტის" გამომცემელმა და ბიზნესმენმა უძრავი ქონების სექტორში, გაზეთის ვებგვერდზე გამოცემის მოულოდნელი დახურვის შესახებ განცხადება გუშინ გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს "დროებითი" ნაბიჯია. მას გამოცემის დახურვის მიზეზის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ამბობს, რომ ნაბიჯი ფინანსური ფაქტორებით გამოწვეული არაა.
"ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღესაც გამოცემა კვლავ დაბრუნდება - უფრო დიდი და უკეთესი", - ამბობს კივანი.
თუმცა "კიევ პოსტის" ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ გამოცემის მოულოდნელი დახურვა კივანის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის ნაწილია.
"ჩვენ გამოცემის ფუნქციონირების შეჩერება და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება მიგვაჩნია ადნან კივანის მხრიდან შურისძიების აქტად", - თქვეს ნიუსრუმის თანამშრომლებმა ერთობლივ წერილში.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ კივანმა 3 კვირის წინ განაცხადა, რომ გამოცემა უნდა გაფართოებულიყო და მას ამავე სახელით გამოცემული უკრაინულენოვანი გაზეთი უნდა დამატებოდა. კივანმა თავად შეარჩია რედაქტორი, რომელიც ამ პროექტს უხელმძღვანელებდა. ჟურნალისტები კი შიშობდნენ, რომ ეს მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას ემუქრებოდა.
გამომცემელი ბრალდებებს არ პასუხობს და კომენტარსაც არ აკეთებს.
წლების განმავლობაში, "კიევ პოსტი" უკრაინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი. გამოცემას, დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერილი რეფორმების აღსრულების სირთულეებზე და კორუფციასთან ბრძოლის გამოწვევებზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული.
ინგლისურენოვანი გაზეთი ინფორმაციის სანდო წყარო იყო როგორც უცხოეთში მყოფი უკრაინელებისთვის, ისე უკრაინის სიახლეებით დაინტერესებული უცხოელებისთვის, მათ შორის დიპლომატებისთვისაც.
გამომცემლის ნაბიჯმა გააჩინა შეკითხვები, პროცესში უკრაინის ხელისუფლების შესაძლო ჩართულობის გარშემოც. ადმინისტრაციამ მალევე უპასუხა ბრალდებებს და ამ კუთხით ბრალდებები უარყო.