სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არ ახალისებს რუსეთში თავდასხმებს

რუსეთში 6 დეკემბერს დრონით თავდასხმა კიდევ ერთ აეროდრომზე განხორციელდა. ამას წინ უსწრებდა მოსკოვის კიდევ ერთი განცხადება, ორ ავიაბაზაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. მათ შორის ერთი, უკრაინიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებით, არ არსებობს დასტური, რომ თავდასხმები უკრაინის მიერ განხორციელდა. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინა „არც წაუხალისებია და არც ის საშუალებები მიუცია, რომლითაც უკრაინას რუსეთში დარტყმების განხორციელება შეუძლია.“

ასევე ნახეთ: უკრაინა-რუსეთმა ომის პატიმრები გაცვალეს

ბლინკენის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ უკრაინელები ყოველდღე, „რუსეთის მიმდინარე აგრესიის“ ქვეშ ცხოვრობენ. სახელმწიფო მდივანმა რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გზით, „ზამთრის იარაღად გამოყენებაში“ დაადანაშაულა. კვირების განმავლობაში, როცა უკრაინაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაბალია, რუსეთი ქვეყნის ენერგოსისტემაზე მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს. შედეგად, მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 90 კილომეტრში მდებარე რუსეთის ქალაქ კურსკის ოფიციალურმა პირებმა ფოტობი გაავრცელეს, რომელზეც ნაჩვენებია შავი კვამლი აეროდრომის თავზე. გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად, აეროდრომის საწვავის ავზები აფეთქდა.

უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია 5 დეკემბერს, მისი აღმოსავლეთ საზღვრიდან 600 კმ-ში მდებარე, სარატოვოს რუსულ სამხედრო საავიაციო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე. კიევი პასუხისმგებლობა ასევე არ აუღია, მოსკოვის სამხრეთ აღმოსავლეთით, რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე მომხდარ აფეთქებაზე.

ასევე ნახეთ: რუსეთის ქმედებები შეფასდეს როგორც გენოციდი - ამერიკელი სენატორები

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განახადა, რომ სარატოვო რუსეთის ერთადერთი სრულად აღჭურვილი ავიაბაზაა შორი დისტანციის ბომბდამშენებისთვის, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმისთვის იყენებს.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“, ანონიმურობის დაცვით, უკრაინის ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ დრონები უკრაინის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული. შედეგად კი, ერთ-ერთ რუსულ ავიაბაზაზე, მინიმუმ ორი თვითმფრინავი განადგურდა, რამდენიმე კი დაზიანდა.

„ეს ყველაფერი ართულებს ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“, - თქვა არესტოვიჩმა. ”გუშინ, მათი "წარუმატებელი მოწევის" წყალობით, ჩვენ ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ ”, - ამბობს არესტოვიჩი და ამით მოსკოვის ადრინდელ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსულ ბაზებზე მომხდარი აფეთქებები სიგარეტის ნამწვითა და დაუევრობით იყო გამოწვეული.

რუსეთმა 5 დეკემბრის თავდასხმებს, როგორც თავად უწოდა, „უკრაინის სამხედრო კონტროლის სისტემაზე, მასიური დარტყმით“ უპასუხა. თუმცა, მოსკოვს არ უსაუბრია კონკრეტულ სამხედრო სამიზნეზე. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმების შედეგად ფარგლებში, რუსეთმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები სამხედრო თვალსაზრისით გამართლებულია.

ასევე ნახეთ: რუსულ ნავთობზე სანქციები და ძველი ტანკერების ბუმი

დარტყმები განხორციელდა „სამხედრო სარდლობის სისტემაზე, შეიარაღების ქარხნებსა და და მათთან დაკავშირებულ ობიექტებზე, რათა მოარღვიოს უკრაინის სამხედრო პოტენციალი“, - განაცხადა შოიგუმ.

შოიგუ ირწმუნება, რომ რუსეთის მოქმედებები წარმატებით გრძელდება და მოსკოვის ძალებმა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონში, რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს, უკრაინულმა მხარემ კი მძიმე მსხვერპლი განიცადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი აცხადებს, რომ დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების „ფასი ძალიან მაღალია.“

„ჩვენთვის, საომარი მოქმედებების ეპიცენტრი დღეს დონეცკის რეგიონია. მტერს საკუთარი ძალების უმეტესი ნაწილი იქ ჰყავს კონცენტრირებული“ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ასევე ნახეთ: უკრაინელი გენერალი: რუსეთის მიერ ჯარისკაცების მობილიზაციამ უკრაინისთვის საფრთხე გაზარდა

მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა, უკვე მეექვსედ სცადა უკრაინული ძალების დონეცკის რეგიონის საზღვრისკენ უკუგდება, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ, ეს გამარჯვებაა. როდესაც მყარად ვდგავართ და მტერს წინსვლის საშუალებას არ ვაძლევთ, ესეც გამარჯვებაა“, - აცხადებს მალიარი.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარების ძირითადი ძალისხმევა, დონეცკის რეგიონის ბახმუტისა და ადიევკის რაიონებში შეტევით ოპერაციებზე იყო მიმართული.

6 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი დონბასის რეგიონში, ფრონტის ხაზზე, უკრაინელ ჯარისკაცებს ეწვია და ისინი ბახმუტთან გადაღებულ ვიდეოშიც შეაქო. ზელენსკი, სანგარში მყოფ ჯარისკაცებსაც შეხვდა და მათ მედლები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნად და სახელმწიფო ჯილდოების გადასაცემად ეწვია.

"დღეს ჩვენი მადლიერების დღეა. ეს არის ზუსტად 6 დეკემბრის მნიშვნელობა - და ის მარადიულია", - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეო-მიმართვაში. უკრაინელები უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავენ მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით“ - თქვა მან.

Your browser doesn’t support HTML5

შაჰინი და რიში საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე