ნავთობის ძველ ტანკერებზე ბუმია და ეს დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევის გამო ხდება, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვას ცდილობენ.
იმ დროს, როდესაც გადაზიდვების და საზღვაო მომსახურების დასავლური ფირმები რუსულ ნავთობს ერიდებიან, რათა სანქციების ქვეშ არ მოხვდნენ და რეპუტაცია არ შეილახონ, გათავისუფლებულ სივრცეს ახალი კომპანიები მიაწყდნენ და გაცხარებით ყიდულობენ ძველ ტანკერებს, რომლებიც ჩვეულებრივ ვითარებაში ჯართში გაიგზავნებოდა.
ევროკავშირმა 5 დეკემბრიდან რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო გზით იმპორტი სრულად აკრძალა. თებერვალში ამას საწვავის იმპორტის აკრძალვაც მოჰყვება.
ევროკავშირმა ასევე აკრძალა ბლოკის კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსება, საბროკერო მომსახურება და დაზღვევა რუსული ნავთობის ყველგან გადაზიდვისთვის, თუ ის დაწესებულ მაქსიმალურ ფასზე უფრო ძვირად იქნება შეძენილი. დაწესებულია ფასი ბარელზე 60 დოლარი და ის ძალაში ორშაბათს შევიდა.
ბოლო თვეებში, ბერძენი და ნორვეგიელი მფლობელები მოძველებულ ტანკერებს ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან უეცრად გამოჩენილ მყიდველებზე სარეკორდოდ მაღალ ფასად ასაღებდნენ. ეს მყიდველები სარგებლობდნენ უზარმაზარი ფასებით ჩარტერულ ხომალდებზე, რომლებიც მზად იყვნენ რუსული ნავთობი ინდოეთში და ჩინეთში გადაეზიდათ.
ტანკერების მენეჯმენტის კომპანიები ამით დიდ სარგებელს ნახულობენ.
წამყვანი დასავლური ნავთობ-კომპანიები, როგორც წესი, ტანკერების გამოყენებას წყვეტენ, როდესაც მათი ასაკი 15 წელს უახლოვდება და ბევრ ასეთ ტანკერს ჯართში უშვებენ. თუმცა ბიზნესში ახლად შესული სუბიექტების გამო, რომლებსაც რუსული ბიზნესის ნაწილზე ხელის მოთბობა სურთ, ძველი ტანკერების ფასმა მკვეთრად იმატა.
მაგალითად, 20 წლის „აფრამაქსის“ ტიპის ტანკერის ფასი 86 პროცენტით გაიზარდა და 1 იანვრისთვის 11.8 მილიონი დოლარიდან, დღეს 22 მილიონ დოლარს შეადგენს.
5 დეკემბრამდე დასავლური სანქციები აზიის ბაზარზე რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას არ კრძალავდა და ტანკერების მენეჯმენტის კომპანიებს არანაირი წესები არ დაურღვევიათ.