კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ვრცელი კომენტარი გააკეთა
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა სასამართლო სისტემას მოუწოდა დარჩეს მიუკერძოებელი, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის საქმეზე გამოძიების ჩატარებას, რომელშიც ხელისუფლების პირებიც არიან გარეული. ამის შესახებ მან პარასკევს ისაუბრა და განაცხადა ისიც, რომ თუკი ქვეყნის ინსტიტუციების მიმართ ნდობა იქნება შერყეული, ქვეყნის ეკონომიკა დაუძლურდება.
ეს ყველაზე ამომწურავი კომენტარი იყო, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ ამ დრომდე ქვეყანაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ სახელმწიფოში სახელმწიფოს არსებობა“ არ იქნება დაშვებული, რაც აშკარა გზავნილია შეერთებულ შტატებში მოღვაწე თურქი აქტივისტის, სასულიერო პირის, ფატულა გულენის მოძრაობის მიმართ. მისი მხარდამჭერები თურქეთის სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაზე გარკვეული ზეგავლენის ბერკეტებს ფლობენ.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ისიც, რომ კორუმპირებულ პირებთან დაკავშირებითაც პატიება გამორიცხულია.
კორუფციული სქემის გამოძიების საქმე, რომელსაც სამი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა, პრემიერ-მინსიტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანსაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის, რომელსაც უკვე თერთმეტი წელია რაც ეს პოსტი უკავია. ამ საქმესთან დაკავშირებით მან მინიშნება უცხოურ კავშირებზე გააკეთა, და თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულება უწოდა, რომლის მიზანი ახლო აღმოსავლეთში და მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლების გავლენის შესუსტებაა.
საპრეზიდენტო პოსტი ქვეყანაში არსებული კონსტიტუციის მიხედვით უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ამოქმედებამდე საბოლოოდ პრეზიდენტმა უნდა მოიწონოს. მან ასევე სასამართლო სტრუქტურაში საკვანძო პოსტებზე დანიშვნაშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
კორუფციის საქმესთან დაკავშირებით მისი სახელი ბრალდებებში არ გაჟღერებულა.
„სახელმწიფოში სახელმწიფოს ქონა დაუშვებელია“, განაცხადა მან თურქეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, რითაც პრემიერ-მინისტრ ერდოღანის შეფასება გაიმეორა, რომელიც მან ორი კვირის წინ პოლიციის მიერ კორუფციის ბრალდებით ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენის დაკავების დროს გააკეთა.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო დაწესებულებაში - არმიაში, სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო სექტორში, მაგრამ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, კონსტიტუცია და იმ უწყების დადგენილი წესები, სადაც მუშაობენ. რომელიმე სხვა ადგილას დირექტივების მიღება მიუღებელია“, განაცხადა გიულმა.
„თუ არსებობს მსგავსი პრეტენზიები, ეს გამოძიებული უნდა იყოს და არ უნდა იქნას დაშვებული. თუ გარიგება სასამართლო სისტემაში, მოსამართლეებს შორის ხდება, ამასთან შეგუება ყოვლად დაუშვებელია“, განაცხადა პრეზიდენტმა.
კორუფციის საქმემ ერდოღანი გიულის მიმართ საწინააღმდეგოდ განაწყო. ერდოღანის პოლიტიკური მოძრაობა სკოლების და ბიზნესის დიდ ქსელს აკონტროლებს. ორგანიზაციის მომხრეები, რომლებიც თურქეთის რელიგიური ელიტის წარმომადგენლები არიან, აცხადებენ რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენს.
გიულს ბევრ მომხრეს მიაჩნია რომ ის უფრო პროგრესული და პრო-დასავლური გავლენის მქონე ლიდერია, ვიდრე ერდოღანი, რომლის შეხედულებები აბორტზე და ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე ასევე ძალაუფლების კონცენტრაცია ქვეყანაში განგაშის საფუძველს ზრდის.
ერდოღანის მომხრეებმა გიულის განცხადება აღიქვეს როგორც სასამართლოს მიშვება თავის ნებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კორუფციის სკანდალის საპასუხოდ, თანამდებობებიდან 70 პოლიციელი დაითხოვა, რომელთა სახელები გამოძიების დროს გამოიკვეთა. ისინი ხელს შეუშლიდნენ გამოძიების ჩატარებას დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სადაც ბრალდებების მიხედვით ისინიც იყვნენ ჩართული.
გიული უფრო ერის გამაერთიანებელ ფიგურას წარმოადგენს, ვიდრე ერდოღანი, რომელიც ხალხის სიყვარულით ნაკლებად სარგებლობს. ის ასევე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების ჩარევის გარეშე უნდა მოქმედებდეს და თავისუფალი უნდა იყოს.
„ჩვენთან საპარლამენტო სისტემაა, და როგორც პრეზიდენტი მოვალეობას ვახორციელებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რომ დავრწმუნდე რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ერთმანეთთან ჰარმონიაში მუშაობენ“ , განაცხადა პრეზიდენტმა.
„ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები არჩევნების გზით მოდიან ხელისუფლებაში, თუმცა სასამართლო სისტემა სხვა მდგომარეობაშია. მათთვის, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, აცხადებს გიული.
ერდოღანის ისლამისტური, მმართველი პარტია თავის მომხრეების მხარდაჭერის მოპოვებას მათ მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროექტების ხარჯზე აპირებდა.
თუმცა კორუფციის სკანდალმა ინვესტორების ნდობა შეარყია, და ეს იმ დროს როდესაც თურქული ლირა შესუსტდა, ინფლაცია იზრდება, ეკონომიკის ზრდა შენელდა. საშიშროება იზრდება რომ ქვეყანა მომავალი წლების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, და ეს მაშინ როდესაც მომავალ წელს თურქეთში ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
„ეკონომიკური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია,“ აცხადებს გიული, რომელმაც ერდოღანთან ერთად ათი წლის წინ მმართველი პარტია შექმნა.
„ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება ფეხებში დაგვცხრილავს. თუ ნდობა შეირყა, ეს ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება“, განაცხადა გიულმა.
ერდოღანი, რომელმაც სამი არჩევნები მოიგო, პარტიული წესდების თანახმად, მეოთხედ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს ვეღარ იყრის. ამდენად, არის საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ის აგვისტოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან დაკავშირებით, გაჩნდა ხმები, რომ გიული არ იქნება ერდოღანის კონკურენტი, ის კენჭს იყრის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, 2015 წლის საპარლმენტო არჩევნების დროს.
გიული დანებებას არ აპირებს.
„ჯერ საკმაოდ ადრეა ამასთან დაკავშირებით მე რაიმე ვთქვა. თუმცა მინდა დავამატო, რომ საკუთარი ქულებისთვის თურქეთი რისკის წინაშე არავინ უნდა დააყენოს“, განაცხადა მან.
„სიმართლე რომ ვთქვა, აქამდე ამაზე არ გვიმსჯელია. მინდა რომ ყველამ იცოდეს ამის შესახებ. მომავალი ორი წლის განმავლობაში თურქეთში სამი არჩევნები უნდა გაიმართოს და იმედი მაქვს რომ ეს არჩევნები თურქეთში ისე ჩატარდება, როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყანას ეკადრება“, განაცხადა აბდულა გიულმა.