თურქეთი სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ დაუბრკოლებლად გაატარებს

ლტოლვილებს ევროპაში შეღწევა ახლა უკვე თურქეთის გავლით შეუძლიათ.

თურქეთს საერთო საზღვარი ევროკავშირის ორ ქვეყანასთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან აქვს.

თურქეთის უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მისცეს, ადამიანების მასობრივი გასვლა არ შეაჩერონ, რაც ევროკავშირთან 2016 წელს მიღწეულ შეთანხმებას, სულ ცოტა, დროებით აჩერებს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა, ჩრდილოეთ სირიის იდლიბის პროვინციაში, 33 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

დეკემბრის შემდეგ, თურქეთის საზღვართან დაახლოებით ერთი მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

თურქეთში ამ დროისთვის დაახლოებით 4 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.

პარასკევს, დაახლოებით სამასმა მიგრანტმა დაიწყო გადაადგილება თურქეთის ედირნეს პროვინციის მიმართულებით, რომელიც საბერძნეთს ესაზღვრება. მედია იუწყება, რომ სირიელების გარდა ამ ჯგუფში ირანელები, ერაყელები, პაკისტანელები და მაროკოელებიც არიან.