რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დაბომბვის კამპანიის გაგრძელებიდან ერთ დღეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ანკარაში თავისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფს უთხრა, რომ მას “მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იდლიბი თურქეთისთვის და რეგიონის ხალხებისთვისაც უსაფრთხო ადგილად, ნებისმიერ ფასად აქციოს".
ერდოღანის განცხადება, რომ საზღვრის მეორე მხარეს, იდლიბში ოპერაცია მხოლოდ “დროის საქმეა”, ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის და საგანგებო დახმარების კოორდინატორის, მარკ ლოუკოკის მოწოდების კვალდაკვალ გაჟღერდა, რომელმაც სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტა მოითხოვა.
ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ბრძოლების გამო, დეკემბრის შემდეგ, დაახლოებით 900 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა - მათი უდიდესი უმრავლესობა ქალი და ბავშვია.
მას შემდეგ, რაც მთავრობის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი საავადმყოფო გაანადგურეს, ლოუკოკმა თქვა: “21-ე საუკუნის უდიდესი ჰუმანიტარული საშინელების თავიდან აცილება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ უშიშროების საბჭოს წევრები და ინდივიდუალურ ინტერესებს გადალახავდნენ და გავლენის მქონე სხვა ადამიანები, წინ ჰუმანურობის ინტერესს დააყენებდნენ.”
მას შემდეგ, რაც ალეპოს ჩრდილოეთ გარეუბანში რუსულმა საჰაერო დარტყმებმა, ალ-ფირდოუსის და ალ-ქინანას საავადმყოფოები მწყობრიდან გამოიყვანა, ლოუკოკმა დაავადებების გავრცელების და სიკვდილიანობის მძიმე საშიშროების შესახებ გაფრთხილება გამოთქვა.
არაბული ენის მასწავლებელმა აჰლამ ალ-რაშიდმა, რომელიც სამთავრობო ძალების მიერ ხელმეორედ აღებულ იდლიბის პროვინციულ ქალაქში ქალთა ცენტრს უძღვება, თქვა:
“საკვების ნაკლებობის და გამუდმებული დაბომბვების გამო მადის დაკარგვის გამო, ბევრ ბავშვს ანემია და სახის სიყვითლე აქვს.
რასაც ვხედავ, ეს გზებზე მოგროვილი, ასობით ათასი იძულებით ადგილნაცვალი ოჯახია. ამდენი არასდროს გვინახავს. ათობით ათასი ბარგით დატვირთული მანქანა გაურკვევლობისკენ მიემართება. არ არის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილი ან შხაპი. ქალები ღია ცის ქვეშ მშობიარობენ.”
გაეროს მოსახლეობის ფონდი ქაიროში განგაშს ტეხს იმ ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ქალების და გოგონების წინაშე ვითარდება.
2019 წლის დეკემბრის შემდეგ, ფონდი იძულებული გახდა დაეკეტა მომარაგების შვიდი პუნქტი, რომლითაც 13 ათას ადამიანს ემსახურებოდა და ქალებისთვის და გოგონებისთვის ამ ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფდა.
ფონდის არაბულ სახელმწიფოებთან კომუნიკაციის მრჩეველმა სამირ ალდარაბიმ თქვა: “საცხოვრებლის მასობრივად დატოვება, მომსახურების მოშლასთან ერთად, რომელიც მომსახურების ცენტრებისადმი მიყენებულმა ზიანმა განაპირობა, ურიცხვი რაოდენობის და ქალის და გოგონას სიცოცხლეს რისკს უქმნის და ასუსტებს ჰუმანიტარული საზოგადოების უნარს, უაღრესად საჭირო მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს. არის ცნობები, რომ ორსული ქალები ელემენტარულ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ, მათ შორის მშობიარობაში დახმარებას და საკეისრო კვეთას, რადგან სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომა არ არსებობს.”