ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სამხედრო მოქმედებამ, სირიაში გაეროს ჰუმანიტარული ძალისხმევა შეაფერხა


გაეროს სააგენტოები ამბობენ, რომ სირია-თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, თურქეთის მხრიდან ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა და საჰაერო დარტყმები, სამოქალაქო მოსახლეობაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს. ამ რეგიონში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისის პრეს-მდივანი იენს ლაერკე ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია, გავლენას ქურთების მიერ კონტროლირებულ ადგილებში მცხოვრებ, დაახლოებით 2.2 მილიონ ადამიანზე იქონიებს. მან თქვა, რომ მათი უმრავლესობა ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, ისევე როგორც ასობით ათასი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად, ახლომდებარე ქალაქებში ცხოვრობს.

ლაერკემ თქვა: „გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების პერსონალი ადგილზეა და წვდომის და უსაფრთხოების არსებობის შემთხვევაში, მოქმედებისთვის მზად არის. რა თქმა უნდა, აქტიურმა სამხედრო მოქმედებებმა შეგვიზღუდა შესაძლებლობა დახმარება მიგვეწოდებინა. ამასთან ერთად, ადგილობრივმახელისუფლებამ საკონტროლო პუნქტებზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები შემოიღო.“

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი ამბობს, რომ თურქული ოპერაციის პირველ ორ დღეში, შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და დაიჭრა.

სააგენტო ამბობს, რომ მიიღო შემაშფოთებელი ინფორმაცია საკვანძო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გათიშვის შესახებ, როგორიცაა წყალსატუმბი სადგურები და კაშხლები, რაც თურქეთის არმიის და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა და სახმელეთო თავდასხმებმა გამოიწვია.

ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი რუპერტ კოლვილი ამბობს, რომ ჩრდილოეთ სირიის რაიონებში, როგორიცაა აფრინი და ალ ბაბი, რომელიც უკვე თურქული ძალების კონტროლქვეშ იყო, უკანონობა, კრიმინალი და ძალადობა მძვინვარებდა.

„გვაქვს ამ რაიონში თურქების მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფების მიერ დაშინების, ცუდად მოპყრობის, მკვლელობის, გატაცების, მოქალაქეთა სახლების ძარცვის და ჩამორთმევის კონკრეტული ცნობები. როდესაც ამ ჯგუფების წევრები სამოქალაქო პირებს საკონტროლო პუნქტებიდან ან მათივე სახლებიდან იყვანდნენ, კონკრეტულ ქურთულ შეიარაღებულ ან პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირს აბრალებდნენ და ამის შემდეგ, ბევრი მათგანის ბედი დღემდე უცნობია.“ თქვა კოლვილმა.

გაეროს საბავშვო ფონდი ამბობს, რომ წყალსატუმბი სადგური, რომელიც ჰასაკეს გუბერნიაში, სულ მცირე 400 ათას ადამიანს, სასმელად უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფდა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და ამჟამად უმოქმედოა. მან თქვა, რომ ბრძოლების გამო ტექნიკოსები მის შესაკეთებლად ვერ მიდიან.

„უნისეფი“ ამბობს, რომ ორი სკოლა სამხედრო სარგებლობისთვის დაიკავეს და რაიონის სხვა სკოლები დაკეტილია. იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში ბავშვთა დაცვის პროგრამები, ასევე ჯანდაცვის და კვების პროგრამები შეჩერდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG