ანკარა გამქრალი დისიდენტების დედათა აქციის დარბევას ამართლებს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დედების 700-ე მიტინგი დაარბია. 25 აგვისტოს ფოტო.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გამქრალ დისიდენტთა დედების აქციის დარბევის გამართლება სცადა. სტამბოლში მოწყობილ, მშვიდობიან საჯარო ლოცვაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, პოლიციამ შაბათს, 25 აგვისტოს დაარბია.

"გვინდოდა დაგვესრულებინა ძალადობა და დედა-შვილობით სპეკულირება" - განაცხადა მან ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. შემდეგ კი, დემონსტრაციის მონაწილეებს ტერორიზმის მხარდაჭერა დასწამა.

თუმცა, პოლიციის მეთოდებს აქციის ორგანიზატორები არ შეუშინებია. დედათა პროტესტის ინიციატორებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა მაშინვე დაგმეს და კამპანიის გაგრძელების პირობა დადეს.

2015 წლის 31 ოქტომბრის აქცია სტამბოლში.

25 აგვისტოს ე.წ. "შაბათის დედების" რიგით 700-ე აქცია გაიმართა. ეს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო პროტესტის მაგალითად ითვლება.

თურქმა დედებმა კამპანია 1995 წელს დაიწყეს, როცა თურქეთის მთავრობას და ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ოფიციალური ანკარა ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ანკარაში დაფუძნებული ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ასოციაციის - ანგარიშის მიხედვით, 1992-1996 წლებში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, 800-მდე ადამიანი დაიღუპა, ან დაიკარგა. საუბარია ეთნიკური ქურთებით დასახლებულ თურქეთის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე.

აქციის "შაბათის დედების" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ადამიანთა გაქრობა ბევრად უფრო ადრე, 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. ამასთან, ზოგიერთი გამქრალი ადამიანის სახელი სამთავრობო უწყებების მიერ აღნუსხულ, დაკარგულთა ოფიციალურ სიაში არც ფიგურირებს.

25 აგვისტოს დაგეგმილ აქციაზე კვლავ ათასობით ადამიანის მოსვლას ელოდნენ. მძიმედ შეიარაღებულმა პოლიციამ, რომელსაც ზურგს სამხედრო მანქანები უმაგრებდა, დემონსტრაციის მონაწილეები აქციის დაწყებამდე დაშალა.

სტამბოლის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ძალის გამოყენებით დაიკავა ის მოედანი, რომელზეც მომიტინგეები თითქმის 20 წელია იკრიბებიან და შვილების გაქრობას უხმოდ აპროტესტებენ. დედები, როგორც წესი, ყოველ შაბათს ამ მოედანზე სანთლებს ანთებდნენ და ხელში შვილების პორტრეტებით ლოცულობდნენ. დაკავებულია 47 ადამიანი. მათ შორის ბევრი 70-დან 80 წლამდე ქალია.

არგენტინელი ქალების აქცია "პლაზა დე-მაიოს დედები".

შაბათს სტამბოლში განვითარებულ მოვლენებს გმობენ როგორც თურქი, ასევე უცხოელი უფლებადამცველები. სტამბოლში შეკრებილ დედებს თანაუგრძნობს არგენტინული ორგანიზაცია "პლაზა დე-მაიოს დედები". ისინი აცხადებენ, რომ მათი საპროტესტო აქცია თურქი დედების ყოველკვირეულმა პროტესტმა შთააგონა.

"ეს სამარცხვინო და საშიში მოპყრობის მაგალითია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სრულიად მშვიდობიანად იკრიბებიან და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ" - ამბობს ემა სინკლერ ვები, ცნობილი თურქი მკვლევარი. ის ამერიკულ ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩის ადგილობრივ ოფისში მუშაობს.