"ფეისბუქის" მომხმარებელმა სოსლან ბიბილოას სახელით, სოციალურ ქსელში ცხინვალის ციხეში წამების ამსახველი შემზარავი კადრები გაავრცელა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, თუ რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ადამიანი ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთის ეფექტიანი კონტროლი ვრცელდება და სადაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს დაშვება. გამონაკლისი საერთაშორისო წითელი ჯვარია, თუმცა მისი წესდების თანახმად, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ საჯაროვდება.
„კადრები არ მინახავს, თუმცა მითხრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური გზა, ესაა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ მხარესთან ერთად, ვინც ჩართულია კონფლიქტის მოგვარებაში, ერთობლივი მოქმედება,“- განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვერისას.
„არა მხოლოდ ციხეში, არამედ ციხის მიღმაც ცხინვალში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის მძიმე. იმ პირობებში, როდესაც არა თუ ჩვენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა ამ ტერიტორიაზე, რთულია ვისაუბროთ ადამიანთა უფლებების დაცვის ქმედით ინსტრუმენტებზე. დაცვისთვის საჭიროა საერთაშორისო მექნიზმები და ინსტრუმენტები, რომელთა დაშვებას მუდმივად ვითხოვთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებებისას,“ - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ის არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ, რომელმაც დამატებითი ოფისი 2010 წელს გორში გახსნა და მას შემდგომ ომის შედეგად დაზარალებულების, ასევე გატაცებულ და ტყვედ მყოფ ადამიანთა დახმარებას ახორციელებს.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას GCRT-ის გორის ოფისის კოორდინატორი ნინო ბალოიანი იმ საკითხებს ეხება, რომლებზეც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მის ბენეფიციარებს შორის ცხინვალის ციხეგამოვლილი ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტყვედ მყოფი მოქალაქეები ცხინვალის ციხეში წამების შესახებ ნაკლებად საუბრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძიმე შემთხვევებს ადგილი არ აქვს. ნინო ბალოიანი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც ცხინვალის ციხე დატოვეს, უმეტესად, იმდენად მძიმე შოკის ქვეშ იმყოფებიან, რომ თავდაპირველად მხოლოდ საპატიმროდან თავდახსნის სიხარულს განიცდიან.
„პირველი შეხვედრების დროს რომ რაიმე სახის ზეწოლის შესახებ გვითხრან, ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს. როგორც წესი, ადამიანები იკეტებიან და მათგან ინფორმაციას მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდგომ, ნაწილ-ნაწილ ვიღებთ. შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, წამების შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ ჩვენ მათი აღწერა, თუ კონკრეტულად რა სახის ძალადობასთან გვაქვს საქმე, არ შეგვიძლია, რადგან ბენეფიციარებისგან არ გვაქვს თანხმობა,“ გვეუბნება ნინო ბალოიანი.
ცხინვალის ციხიდან თავდახსნილი ადამიანების ფსიქო-სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაცია წლების განმავლობაში გრძელდება. ექნება თუ არა ადგილი წამებას ცხინვალის რეგიონში, ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, ის, შეხვდება თუ არა მოქალაქეს დაკავებისას ეგრეთ წოდებული მილიციისა თუ საზღვრის დაცვის უწყების წარმომადგენელი ნასვამ მდგომარეობაში.
გუგუტიანთკარში მცხოვრები ამირან გუგუტიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორებლად შეირყა ცხინვალის ციხეში მოხვედრის შემდგომ. იგი საკუთარი ნაკვეთიდან გაიტაცეს. მას ნასვამი მილიციელები „შეხვდა.“ მოხუცი უსასტიკესად სცემეს და რამდენიმე დღის შემდეგ, ყინვაში, ფაქტობრივად, შიშველი, თხელი მაისურის ამარა „გადმოსცეს“ ქართულ მხარეს. მას შემდგომ ამირან გუგუტიშვილის რეაბილიცატია შეუძლებელი აღმოჩნდა.
წამების მსხვერპლია ხურვალეთში დაკავებული მაია ოთინაშვილიც, რომელიც რუსმა სამხედროებმა პირდაპირ მავთულხლართზე გადაათრიეს. „თითქმის ყველა დაკავებული იარაღის მიბჯენით მიჰყავთ და ბორკილებს იარაღის ქვეშ ადებენ. უმეტესწილად, აკავებენ სხვა ადგილას, შემდგომ, იარაღის მუქარით მიჰყავთ „კონტროლირებად“ სივრცეში“ და იქ უღებენ ფოტოს, თითქოს, ამ ადგილას დააკავეს. ცხინვალის იზოლატორში არის ორი საწოლი და სივიწროვე, არადა იქ ხშირად შვიდი და მეტი ადამიანია. მათ იატაკზე უწევთ ძილი, ძალიან მძიმე პრობლემებია საკვების მიწოდებისა და საპირფარეშოსთან წვდომის თვალსაზრისით. დაკითხვები გრძელდება ძალიან დიდ ხანს, საათობით. აინტერესებთ, სად იყო ადამიანი 2008 წლის ომის დროს. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ადრე უფრო ხშირად გვესმოდა კონდახით ცემის შესახებ საპატიმროში,“- გვეუბნება ნინო ბალოიანი და იმასაც დასძენს, რომ დაბრუნებული პატიმრები სრულად მოყოლას, თუ რა ხდებოდა საპატიმროში, ერიდებიან.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი, სადაც წამება განხორციელდა ვერ კონტროლდება ოფიციალური სტრუქტურების მიერ, ისე, როგორც ცხინვალი? ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს ეკუთვნის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მასზე ხელი არ მიუწვდება. საერთაშორისო კანონმდებლობა წამების ფაქტებზე ასეთ პირობებში პასუხისმგებლობას იმ ქვეყანას აკისრებს, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე ახორხციელებს ეფექტიან კონტროლს.
მარიამ ჯიშკარიანი, „ემპათიას“ ხელმძღვანელი, ორგანიზაციისა, რომელიც წამების ფაქტების დოკუმენტირებას გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად აწარმოებს, "ამერიკის ხმასთან" გავრცელებული კადრების რეალურობას ადასტურებს. „ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ვინაიდან ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შემოდის, ფორმალურად მაინც, მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე. უნდა ჩართოს ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა, რათა გაკონტროლდეს ცხინვალის იზოლატორი. მაგალითად, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი და საერთაშორისო ფასოლიტატორების დახმარებით, რუსეთის ფედერაციას მოსთხოვოს პასუხი, რადგან ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტოლი რუსეთის ფედერაციის არის. შესაბამისად, წამების შემთხვევები მათი პასუხისმგებლობაა,“- გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს ტერიტორიაზე, ერგნეთში ცხინვალის ციხიდან გამოქცეული ორი მოქალაქე სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი (მათგან ერთ-ერთი დაჭრილი) გადმოვიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. ცხინვალის მხარე აცხადებდა, რომ ისინი საშიში დამნაშავეები იყვნენ, რომლებმაც მილიციას ცეცხლი გაუხსნეს. ქართული მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაცია მათ გადაცემას ერგნეთის შეხვედრაზე ითხოვდა. დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც ვითარება კონფლიქტის ზონაში დაიძაბა (რუსმა მესაზღვრეებმა გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს), ახალუბნიდან ერთდროულად 8 მოქალაქე გაიტაცეს. მათ ცხინვალის იზოლატორში ოთხი დღე დაჰყვეს და 20 აგვისტოს, ფულადი „ჯარიმის“ გადახდის შემდგომ გაათავისუფლეს. მედია საუბრობდა იმის თაობაზე, რომ მოქალაქეების გამოშვება ერთ თვის წინ ერგნეთში გამოქცეული ორი მოქალაქიდან ერთის ცხინვალის მხარისთვის გადაცემის სანაცვლოდ მოხდა. ოფიციალურმა სტურქტურებმა ეს ფაქტი არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
„ადამიანების გაცვლა-გამოცვლა არის საშინელი ველურობა. საქართველომ ბოლო პერიოდში ორი ადამიანის ექსტრადირება მოახდინა რუსეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხინვალის ექსტრადიციაზე. მსგავსი შემთხვევების დროს ირღვევა ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტი და რეგულაცია საქართველოს მხრიდან. რამენაირად, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ისე უნდა დააყენოს საკითხი ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ასეთი გაცვლა-გამოცვლა და ადამიანებით ვაჭრობა არ იყოს. საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა, როდესაც ადამიანს გადასცემ იქ, სადაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხეა, ვინც არ უნდა იყოს ის,“- გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის ციხეებში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საშინელი მდგომარეობაა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად და იგივე ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ამიტომაც, როდესაც საუბარი ადამიანთა გაცვლისა თუ რუსეთში ექსტრადიციის შესახებ, აპრიორი, ეს ნიშნავს მათ გაწირვას წამებისთვის.